დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა

24/10/2017

მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ დოკუმენტზე და სხვა საკითხებზე იმსჯელეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია უძღვებოდა.
„შრომის საერთაშორისო სტანდარტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სამმხრივი კონსულტაციების შესახებ“ შრომის საერთაშორისო კონფერენციის სამოცდამეერთე სესიაზე (ჟენევა, 1976 წლის 21 ივნისი) მიღებული N144 კონვენცია“ კომიტეტის სხდომაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა წარადგინა და განაცხადა, რომ აღნიშნული კონვენცია ეხმარება სახელმწიფოს, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციებს შორის დიალოგის განვითარებას, რამაც თავის მხრივ სოციალური სამართლიანობა უნდა უზრულნველყოს.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სამივე პარტნიორი მონაწილეობს ყველა იმ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში, რაც შეეხება შრომის საერთაშორისო ნორმების მიღება-აღიარებას ღირსეული შრომის ხელშეწყობის მიზნით.
მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილი დოკუმენტის რატიფიცირება განპირობებულია, ერთი მხრივ, სოციალური პარტნიორების სურვილით – განავითარონ და უფრო მაღალ ხარისხში აიყვანონ არსებული სოციალური დიალოგის პრაქტიკა და, მეორე მხრივ, საქართველოს მიერ 2014 წლის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შედეგად აღებული ვალდებულებებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0