დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მომსახურების გაწევის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

16/03/2020

საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მომსახურების გაწევის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. სააგენტოს მოქალაქეთა მისაღებ ცენტრში განცხადებებისა და ოფიციალური კორესპონდენციისთვის სპეციალური ყუთი განთავსდება, რომელიც ყოველი სამუშაო დღის ბოლოს უსაფრთხოების წესების დაცვით გაიხსნება და მასში მოთავსებული დოკუმენტაცია შესაბამის დეპარტამენტებში გადანაწილდება. ასევე, მოქალაქეებს შეუძლიათ განცხადებები სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე Infoidp@moh.gov.ge გამოგზავნონ. მოვუწოდებთ თავად იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ სააგენტოს მისაღებ ცენტრსა და ტერიტორიულ სამმართველოებში ვიზიტებისგან.
ამასთან, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერდება მონიტორინგის პროცესი, რაც იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლას გულისხმობს. არსებული შეზღუდვების პირობებში, სააგენტო კვლავ აგრძელებს მუშაობას, რათა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განკუთვნილი პროგრამები, შესაძლებლობების ფარგლებში, შეუფერხებლად განხორციელდეს. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შენობის სადეზინფექციო სამუშაოები შესაბამისი წესების დაცვით ტარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0