დოლოჭოპის ბაზილიკის არქეოლოგიური და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

12/08/2017

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ყვარლის მუნიციპალიტეტში ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დოლოჭოპის ბაზილიკის არქეოლოგიურ და სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.
2017 წლის ივლის-აგვისტოს განმავლობაში, დოლოჭოპის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საპროექტო დავალების თანახმად, ეს სამუშაოები მიმდინარეობს არქეოლოგიური მეთვალყურეობის თანხლებით, ამასთან, პერიოდულად, ტარდება ხოლმე აუცილებელი, დამატებითი არქეოლოგიური კვლევები (შემსრულებლები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი Nodar Bakhtadze; არქეოლოგიის მაგისტრები: ვაჟა მამიაშვილი და ბაჩანა გაბეხაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი).
დოლოჭოპის ბაზილიკის სახელით ცნობილი ეს ნატაძრალი მდებარეობს დღევანდელი ქ. ყვარლის შემოგარენში, მდ. დურუჯის მარჯვენა ნაპირზე, გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარ დოლოჭოპის ტერიტორიაზე; გვიანანტიკურ და ადრეულ შუა საუკუნეებში ეს მიდამოები ქალაქ ნეკრესის უკიდურეს დასავლეთ უბანს წარმოადგენდა.
ამ ძეგლის საეტაპო მნიშვნელობა 2017 წლის ივლისში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის დროს გამოვლენილმა კიდევ ერთმა დეტალმაც დაადასტურა. V ს-ის დიდი ბაზილიკის საკურთხევლის იატაკქვეშა სივრცეში მიკვლეულ იქნა ვრცელი, დაახ. 15 კვ. მ. ფართობის საძვალე-კრიპტა, რომელიც ტაძრის მშენებლობის დროსაა დატანებული აფსიდის ქვედა მოცულობაში. ამ კამერის ცენტრალურ ნაწილში, იატაკზე დაშენებული ყოფილა ხის ძელებით ნაშენი, მაღალი ხარისხის კირით შებათქაშებული წმინდა ნაწილების ჩასალაგებელი რელიქვარიუმი (ლუსკუმა), რომელიც ამჟამად გეგმის დონეზე იკითხება. როგორც ჩანს, საკურთხევლის იატაკზე, სწორედ ამ ლუსკუმის თავზე იდგა ტრაპეზი, რომელიც ამჟამად შემორჩენილი არ არის.
საკურთხეველში, ტრაპეზის ქვეშ წმინდა ნაწილების ან წმინდანთა ნეშტების მოსათავსებელი ამგვარი აკლდამების არსებობა სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა გვიანანტიკურ რომაულ და ადრებიზანტიურ ქრისტიანულ ტაძრებში, საქართველოში კი, მსგავსი კონსტრუქცია ამგვარად სრულყოფილი სახით პირველად აქ გამოვლინდა.
დოლოჭოპის ბაზილიკის წინასარეაბილიტაციო გათხრებმა 2016-2017 წლებში, მეცნიერთა ჯგუფი კიდევ ერთ სენსაციურ აღმოჩენამდე მიიყვანა: გამოირკვა, რომ V ს-ის ეს გრანდიოზული ტაძარი კიდევ უფრო ადრეული, 25 მ-მდე სიგრძის და დაახ. 15 მ-მდე სიგანის ქრისტიანული ტაძრის ნანგრევებზე ყოფილა აღმართული. ამ პირველი ტაძრის გათხრისას IV ს-ისთვის დამახასიათებელი ნივთიერი მასალა აღმოჩნდა და, დიდი ალბათობით, ნაგებობა სწორედ ამ ხანაშია აგებული. ეს ვარაუდი საბოლოოდ დაადასტურა პარტნიორი ინგლისელი მეცნიერების მიერ დოლოჭოპის ბაზილიკის ამ ფენიდან აღებული ნახშირის რადიოკარბონულმა ანალიზმა, რომელიც უახლესი ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა დიდ ბრიტანეთში, გლაზგოს უნივერსიტეტის სპეციალიზირებულ ლაბორატორიაში. ანალიზის დასკვნა ასეთია: დოლოჭოპში პირველი, ე. წ. სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის, მეტად მასშტაბური და სავსებით კანონიკური გეგმარების ტაძარი, IV ს-ის შუა წლებშია აგებული. ის, 95 %-იანი ალბათობით, 387 წელს არის დანგრეული მიწისძვრის შედეგად (სავარაუდო ცდომილება – 4-5 წელი). აღსანიშნავია, რომ 2017 წლის სეზონში გამოვლენილი დამატებითი სტრატიგრაფიული მონაცემებისა და არტეფაქტების მიხედვით, მომდევნო ფაზის, აღნიშნული დიდი ბაზილიკა, დიდი ალბათობით, ამ კატასტროფიდან მალევე, V ს-ის დასაწყისშივე ჩანს აგებული.
ამდენად, დოლოჭოპის როგორც I, ისე II ფაზის ქრისტიანული ტაძრების არქეოლოგიური კვლევის შედეგებს მნიშვნელოვანი კორექცია შეაქვს ქართულ ხელოვნების ისტორიაში ბოლო დრომდე საკმაოდ მტკიცედ ფეხმოკიდებულ ვერსიაში ქართული ქრისტიანული ტაძრების გენეზისისა და თავდაპირველი გეგმარების შესახებ. კერძოდ: საქართველოში, ბოლოს და ბოლოს დადასტურდა სავსებით კანონიკური გეგმარების, ვრცელი ქრისტიანული ტაძრის IV საუკუნეში აგების ფაქტი; ეს მაშინ, როდესაც ქართული სახელოვნებთმცოდნეო სკოლის მრავალი წარმომადგენელი, დღემდე მართებულად მიიჩნევს XX ს-ის 20-იან წლებში შემუშავებულ თეორიას იმის თაობაზე, რომ, თითქოსდა, IV საუკუნიდან მოყოლებული, V საუკუნის დასასრულამდე, საქართველოში მხოლოდ მცირე ზომის, პრიმიტიული გეგმარების ქრისტიანული ეკლესიები შენდებოდა, მოსახლეობისა და საერო-სასულიერო ხელისუფლების მსოფლიო ქრისტიანული კულტურის ტენდენციებში გაუთვითცნობიერებლობის გამო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0