ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

19/04/2021

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს ავშან ხანის შეხვდა. მხარეებმა კოვიდ-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მინისტრმა გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ისაუბრეს პირველადი ჯანდაცვის რეფორმასა და ამ რეფორმის ფარგლებში ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების საკითხებზე. გარდა ამისა, გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ტელემედიცინის დანერგვის პროცესში აქტიურადაა ჩართული.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწორედ მაღალხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება მოქალაქეების ჯანმრთელობის საჭიროებებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. მინისტრმა გაეროს ბავშვთა ფონდს ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმუნიზაციის მიმდინარეობისა და ახალი ვაქცინების დანერგვის მიმართულებით მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

“გაეროს ბავშვთა ფონდი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. შეხვედრაზე ვაქცინაციის პროცესი და სოციალური საკითხები განვიხილეთ. გაეროს ბავშვთა ფონდმა იმუნიზაციის პროცესში ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია. საუბარი შეეხო ევროკავშირის დახმარებით მიმდინარე პირველადი ჯანდაცვის რეფორმასაც, განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარებასა და ტელემედიცინის დანერგვის საკითხებს“, – ამის შესახებ მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულმა დირექტორმა თავის მხრივ, ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

„მინისტრთან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის იყო ვაქცინაციის პროცესი და ეპიდვითარება. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მუშაობა, რათა ვაქცინაცია უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. სანიტარული ნორმების დაცვა და პირბადის ტარება პანდემიის შეკავებას ძალიან უწყობს ხელს. გარდა ამისა, შეხვედრაზე პირველადი ჯანდაცვის რეფორმასა და მის გაძლიერებაზეც ვისაუბრეთ“, – ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულმა დირექტორმა ავშან ხანიმ განაცხადა.

შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0