ეკა ბესელია ევროპის საბჭოს დემოკრატიული მმართველობის დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა

20/06/2017

ეკა ბესელია ევროპის საბჭოს დემოკრატიული მმართველობის დირექტორატის ხელმძღვანელს, კლაუდია ლუსიანს და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, ქრისტიან ურსეს შეხვდა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ევროპის საბჭოს დემოკრატიული მმართველობის დირექტორატის ხელმძღვანელს, კლაუდია ლუსიანს და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, ქრისტიან ურსეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში განხორციელებულ პენიტენციური სისტემის რეფორმაზე, პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის ახალ სტანდარტზე, პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ სტამბულის კონვენციაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორცილებაზე, მედიაში „სიძულვილის ენაზე“ და სხვა საკითხებზე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სტუმრებს განუცხადა, რომ წინა მოწვევის პარლამენტში, როდესაც იგი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, პირველად დაიწყო სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა მთავრობასთან ერთად და რეკომენდაციების გაზიარება. „ამის შემდგომ, დავიწყეთ რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და ეს არის სტანდარტი, რომელიც უკვე მუშაობს პარლამენტში“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, ბევრ ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უფლებრივ ჭრილში პრობლემური იყო, შესაბამისი რეფორმები გატარდა. ეკა ბესელიამ სტუმრებს წინა მოწვევის პარლამენტის მიერ პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმა გააცნო.
როგორც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანი იყო სტამბულის კონვენციის რატიფიცირება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. „ვფიქრობ, ჩვენს და ევროსაბჭოს ოფისს შორის თანამშრომლობა ამ მიმართულებითაც გავაგრძელოთ და დავაკვირდეთ კანონის მოქმედებას“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრებს დეტალურად გააცნო, გასულ წელს, პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მექანიზმი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0