ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკა და მათ შორის საგადასახადო გარემო არ შეიცვლება

13/07/2018

ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკა და მათ შორის საგადასახადო გარემო არ შეიცვლება და საქართველოში მაკროეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„არ უნდა შეიქმნას მცდარი განწყობა, რომ ჩვენ დავანგრევთ იმ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რომელიც სიმწრითაა მოპოვებული, ან ვალის ზრდის ან გადასახდების ზრდის ხარჯზე, ან მიმდინარე დეფიციტის ხარჯზე. ეს არ მოხდება, როგორც მინიმუმ, სანამ მე ვიქნები მინისტრი და დარწმუნებული ვარ, მთელი გუნდიც იგივეა აზრზეა. შესაბამისად, ეს საფრთხე არ გვემუქრება“, – აღნიშნა მან.

მისი განცხადებით, დღეს საქართველოს საგადასახადო სისტემა ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული და ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც აღიარებს.

„ჩვენი ბიუჯეტი არის ზრდაზე ორიენტირებული, სადაც დეფიციტი იმაზე ნაკლებია, რისი საშუალებაც იყო. საგარეო ვალი სტაბილურია და მომავალში გაზრდას არ ვაპირებთ. ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკა და მათ შორის საგადასახადო გარემო არ გაიცვლება არაფერში“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0