ენერგეტიკის მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, წარმდგარიყო ნდობის ჯგუფის წინაშე, თუმცა, უმცირესობის მხრიდან ამას რეაგირება არ მოჰყვა

20/09/2017

„ენერგეტიკის მინისტრი მზად იყო წარმდგარიყო ნდობის ჯგუფის წინაშე, ეს მზადყოფნა მან გამოთქვა, ეს მე გადავეცი უმცირესობის ლიდერს, თუმცა, თქვენი მხრიდან ამას რეაგირება არ მოჰყვა,“-ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან გაჟღერებულ საყვედურს, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, კახა კალაძის უმცირესობის სხდომაზე მოსვლასა და გაზპრომთან დადებული ხელშეკრულების განხილვასთან დაკავშირებით.
„გამოვეხმაურები საყვედურს ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ეს საყვედური არ არის სამართლიანი. მე, პირადად, შუამავლის როლი შევასრულე საპარლამენტო უმცირესობასა და მაშინდელ ენერგეტიკის მინისტრს შორის და ვთხოვე მას მოსვლა საქართველოს პარლამენტში, იმისთვის, რომ განხილულიყო გაზპრომის საკითხი და ამაზე მივიღეთ დადებითი პასუხი. კერძოდ, ბატონმა კახი კალაძემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ნდობის ჯგუფის წინაშე წარმდგარიყო და მოეხსენებინა დეტალები ხელშეკრულების. ხელშეკრულება შეიცავს საიდუმლო ნაწილს, აქედან გამომდინარე, მას მიაჩნდა, რომ ღია სხდომაზე აზრს იყო მოკლებული ასეთი განხილვა. იყო მზადყოფნა გამოხატული, რომ ის დასწრებოდა ნდობის ჯგუფის სხდომას. არგუმენტი იყო მარტივი. გამომდინარე იქიდან, რომ საიდუმლო ნაწილს შეიცავს გაზპრომის ხელშეკრულება, ამ ნაწილის გარეშე აზრი ეკარგებოდა დებატებს, დისკუსიას, მსჯელობას, შესაბამისად, სწორი ფორმატი სადაც შეიძლებოდა საიდუმლო ნაწილის განხილვა იყო ნდობის ჯგუფის ფორმატი და ეს იყო მისი მხრიდან შემოთავაზებული,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებას და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების პარლამენტთან კომუნიკაციის საკითხებსაც შეეხო.
„რაც შეეხება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების კომუნიკაციას პარლამენტთან, მათ შორის, საპარლამენტო უმცირესობასთან, ამ კუთხით, გეთანხმებით, რომ გვაქვს ჩვენ გარკვეული ხარვეზები, რომლებიც საჭიროებს გამოსწორებას.
რაც შეეხება საზედამხედველო ფუნქციებს, აბსოლუტურად ვიზიარებ იმას, რომ ამ კუთხით ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი და ეს არის დამოკიდებული დიდწილად ჩვენს თანამშრომლობაზე. საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის, პარლამენტის ხელმძღვანელობის და საპარლამენტო უმცირესობის თანამშრომლობაზე.
მე არაერთხელ გამოვხატე ამასთან დაკავშირებით ჩემი მზადყოფნა, კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო როგორც კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით, ისე, ზოგადად. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ სიღრმისეულად ეს საკითხი და ერთად დავსახოთ ვითარების გაუმჯობესების გზები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენს ეფექტიან თანამშრომლობაზე,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0