ეპარქიის საიუბილეო თარიღი კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა

21/04/2017

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში შემოქმედის ეპარქიის 22 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო თარიღი კულტურული ღონისძიებებით, წელს პირველად, გურიის გუბერნატორის – გია სალუქვაძის ინიციატივით აღინიშნა. გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტის ხალხური სიმღერების შემსრულებელმა ანსამბლებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა საკონცერტო ნომრები წარმოადგინეს. ნაჩვენები იქნა ფილმი ეპარქიის ისტორიისა და შემოქმედის მიტროპოლიტის, ეპისკოპოს – იოსების მოღვაწეობის შესახებ. საიუბილეო თარიღი ეპარქიის წარმომადგენლებს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა – ზაზა ურუშაძემ მიულოცეს. „ მინდა საიუბილეო თარიღი მივულოცო ეპარქიის წარმომადგენლებს, სასულიერო პირებს, მეუფე იოსებს. მადლობას ვუხდი მათ იმ უზარმაზარი ღვაწლისთვის, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში ეწევიან. ჩვენ მუდამ ვიდგებით იქ, სადაც ჩვენი ეკლესია დგას,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ. შემოქმედის ეპარქია 1995 წლის 4 აპრილის წმინდა სინოდის განჩინებით ჩამოყალიბდა. ეპარქია 150 ეკლესია- მონასტერს და 70 სასულიერო პირს აერთიანებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0