ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების და ინფორმატიკის ტურნირის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა

02/10/2017

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების და ინფორმატიკის ტურნირის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. მოსწავლეებს ჯილდოები პარლამენტის წევრებმა: მარიამ ჯაშმა, გენადი მარგველაშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა გადასცეს.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში საშუალოდ, 100 000-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას.
მარიამ ჯაშის ინფორმაციით, წლევანდელი ოლიმპიადის შედეგად გამოვლინდა 124 გამარჯვებული მოსწავლე. მოპოვებული ადგილების შესაბამისად, მოსწავლეები დაჯილდოვდნენ – 1000, 700, 500 და 50 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით და დიპლომებით. დეპუტატებმა, ასევე, მადლობის სიგელები გადასცეს რეიტინგული სიების მიხედვით გამოვლენილ 36 წარმატებულ სკოლას.
„წარმატებული მოსწავლეები, რომლებმაც წამყვანი ადგილები მოიპოვეს ეროვნულ ოლიმპიადებში, მომავალში საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის კანდიდატები ხდებიან. ოლიმპიადების დანერგვა და ამ სისტემის დახვეწა არის ძალიან მნიშვნელოვანი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და მოსწავლეთა წახალისების კუთხით. წელს ჩვენ გვოქნდა არაჩვეულებრივი შედეგები – 14 საერთაშორისო ოლიმპიადის მედალი მოიპოვეს ქართველმა მოსწავლეებმა და გვინდა, რომ ეს რიცხვი ყოველწლიურად კიდევ მეტად გაიზარდოს“, – განაცხადა განათლების , მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0