ეს წარმატებული პროცესია, რომელიც წარმატებით გაგრძელდება და ლოგიკურად დასრულდება

01/07/2017

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიას წარმატებული უწოდა. მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველმა საგაზაფხულო სესიამ, რეგლამენტის თანახმად, მუშაობა დღეს დაასრულა.
„ამ სესიის განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, რომელიც ორი მოსმენით ძალიან წარმატებით მივიღეთ. ეს წარმატებული პროცესია, რომელიც წარმატებით გაგრძელდება და ლოგიკურად დასრულდება. ჩვენ, ამ დოკუმენტს მესამე მოსმენით შემოდგომაზე აუცილებლად მივიღებთ.
ჩვენ მზად ვართ დამატებითი კონსულტაციებისთვის რისი შეცვლაც არის შესაძლებელი მესამე მოსმენის ფარგლებში. ასეთი კონსულტაციებისთვის მზად ვართ და შეიძლება დოკუმენტში ცვლილებები შევიდეს. ჩვენ კონსულტაციებისთვის ღია ვართ და მზადყოფნას კიდევ ერთხელ ვადასტურებ. საბოლოო ჯამში, კონსტიტუცია აუცილებლად იქნება მიღებული შემოდგომაზე. ეს ის პირობაა, რომელიც დღესვე შეგვიძლია დავდოთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მზად არის და საბოლოოდ, დოკუმეტი მესამე მოსმენით შემოდგომაზე აუცილებლად იქნება მიღებული.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რა ცვლილებებიც არ უნდა შევიდეს კონსტიტუციაში, პრეზიდენტი მას ვეტოს აუცილებლად დაადებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ როგორც არ უნდა შევცვალოთ კონსტიტუცია, რა ცვლილებაც არ უნდა შევიტანოთ მასში, ვეტოს აუცილებლად დაადებს მას პრეზიდენტი – ეს მისი გაცხადებული ნებაა და შესაბმისად, ჩვენ ვეტოს უპირობოდ ველოდებით საშემოდგომო სესიის განმავლობაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0