ვიქტორ დოლიძე დანიის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

22/09/2017

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა დანიის სამეფოს მუდმივმოქმედი სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან მიქელ სტარბეკ კრისტენსენთან (პრემიერ- მინისტრის აპარატი). შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ევროპელი პარტნიორების პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიმართულებით. მიქელ სტარბეკ კრისტენსენმა დაადასტურა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებისა და საგარეო გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით. ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა დანიურ მხარეს რეფორმების პროცესში გაწეული ფინანსური და ექსპერტული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის. შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელეს ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მისი განეიტრალების მექანიზმებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0