ზამთრის სათხილამურო სეზონს წელს ჩვენ სრული მობილიზაციით, სრული მომზადებით ვხვდებით

20/12/2023

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გუდაურში 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი საზეიმოდ გახსნა. ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოს ზამთრის კურორტების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით გაწეული სამუშაო შეაფასა და ამ კუთხით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში – 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ ზოგადად მთა, მთიანი რეგიონების განვითარება მნიშვნელოვან პრიორიტეტად გამოაცხადა და მთის რეგიონებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ მიმართული მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება დაიწყო.

„ზამთრის სათხილამურო სეზონს წელს ჩვენ სრული მობილიზაციით, სრული მომზადებით ვხვდებით, განახლებული ინფრასტრუქტურით. მიმდინარე წელი იყო გამორჩეული, როგორც წინა წლები და სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ზამთრის კურორტებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად და გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა მინისტრმა საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე.

ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ ზოგადად მთა, მთიანი რეგიონების განვითარება მნიშვნელოვან პრიორიტეტად გამოაცხადა და მთის რეგიონებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ მიმართული მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება დაიწყო.

„ჩვენ შემოვიღეთ ახალი პოლიტიკა, მივიღეთ „კანონი მთის შესახებ“, მთელი რიგი პრეფერენციები დაწესდა მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის თუ ბიზნესებისთვის, იმისთვის, რომ ეკონომიკური აქტივობა მეტად წაგვეხალისებინა და საცხოვრებელი პორობები გაგვაუმჯობესებინა. ამავე დროს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთაში, კერძოდ, ბოლო წლების განმავლობაში სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაში სახელმწიფომ 800 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ეს მოიცავდა ინვესტიციებს არამარტო გუდაურში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელეთ ბაკურიანში, სვანეთში, გოდერძიზე და განახლდა მთელი სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურა, მათ შორის 28 ახალი საბაგირო გზა მოეწყო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

წელს გუდაურში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, დამსვენებლებს ზამთრის კურორტზე ორი ახალი საბაგირო კომპლექსი დახვდებათ – 1249 და 1369 მეტრის სიგრძის, რომელთა გამტარუნარიანობა შეადგენს 1800 – 2400 მგზავრს საათში. ასევე სიახლეა სათხილამურო არეალების მხრივაც – უკვე არსებულ ტრასებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და ამასთან, 70 კმ სიგრძის ტრასას 6 კმ სიგრძის სრულიად ახალი სათხილამურო არეალი ემატება. კურორტს ინფრასტრუქტურის განახლების პროცესის ფარგლებში შეემატა სრულიად ახალი სპეც.ტექნიკა – თოვლსატკეპნი და თოვლმავალი. გუდაურში წელს ასევე ყველა საბაგიროზე განახლდა უკონტაქტო გამშვები პუნქტები, დამონტაჟდა ახალი საინფორმაციო მონიტორები, კურორტი აღიჭურვა ახალი საგზაო და სათხილამურო მანიშნებლებით და მოეწყო 2 ახალი სველი წერტილი. მნიშვნელოვანია, რომ გუდაურს ამ სეზონზე ახალი სამაშველო შენობა ექნება. გუდაურის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტში ჯამში დაახლოებით 70 მლ. ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ეკონომიკის მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს მთელ გუნდს, მთის ტრასების სააგენტოს, რეგიონის ხელისუფლებას, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუზოგავად, კოორდინირებულად იმუშავა მთელი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ საქართველოში წარმატებული ზამთრის საკურორტო სეზონი იყოს, არამხოლოდ გუდაურში, არამედ სხვა კურორტებზეც. გუდაურში ზამთრის სეზონის გახსნაში ასევე მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ, მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა – მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0