ზურაბ პატარაძემ მუსლიმ მრევლს რამაზან ბაირამი მიულოცა

25/06/2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მუსლიმი მრევლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულის – რამაზან ბაირამის მისალოცად ბათუმის ორთაჯამეს ესტუმრა. მასთან ერთად ორთაჯამეში იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის მინისტრები. ზურაბ პატარაძემ მილოცვისას ხაზი გაუსვა ქართველი მუსილმანების როლს ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში. მისი თქმით, სამშობლოსათვის თავდადებული განსაკუთრებით ბევრი ადამიანი ახსოვს ისტორიას აჭარიდან. მუსლიმ მრევლს საქართველოს მთავრობასთან ერთად აჭარის რეგიონის მთავრობა განსაკუთრებულ მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს. ,,ჩვენს დებს, ჩვენს ძმებს, მინდა მივულოცო ბაირამის დადგომა. მინდა ვუსურვო მშვიდობა, წარმატებები, განვითარება, სიკეთე, სიყვარული, ოჯახის სიმტკიცე. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის სიძლიერისთვის ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე ერთად გვეკეთებინოს. ერთი თვის განმავლობაში არაერთი იფთარი, არაერთი შეხვედრა გავმართეთ და დღეს, ყველა ერთად ვზეიმობთ ბაირამის დადგომას“-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ბაირამი მოძრავი დღესასწაულია და მას ისლამური სამყარო წელს 25 ივნისს აღნიშნავს. 30 დღიანი მარხვის შემდეგ ბაირამობას აღნიშნავენ ქართველი მუსლიმანები. დღესასწაული სამი დღე გაგრძელდება, რა დროსაც მოხდება წინაპრების საფლავების მონახულება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0