ზურაბ პატარაძემ შუახევის მოსახლეობას ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”-ს მერობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე წარუდგინა

14/09/2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ შუახევის მოსახლეობას ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”-ს მერობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე წარუდგინა. კანდიდატის წარდგენას საქართველოს პარლამენტის წევრი გია ვოლსკი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ზემო აჭარის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ანზორ ბოლქვაძე და ხვიჩა შარაშიძე ესწრებოდნენ. ზურაბ პატარაძემ ფრიდონ ფუტკარაძე ღირსეულ, პროფესიონალ და ერთგულ კანდიდატად შეაფასა. აღნიშნა, რომ მას აქვს საჯარო სამსახურებში მუშაობის და ადამიანური რესურსების მართვის გამოცდილება. რეგიონის პირველმა პირმა მოქმედ გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის. ფრიდონ ფუტკარაძე მუშაობდა შუახევის რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2004-დან 2017 წლის მარტამდე მუშაობდა სხვადასხვა საჯარო სამსახურებში საპასუხისმგებლო და ხელმძღვანელ თანამდებობებზე. პროფესიით იურისტია და ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. შუახევის მოსახლეობასთან შეხვედრისას ფრიდონ ფუტკარაძემ სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შუახევის განვითარების საკუთარ ხედვები გააცნო. ,,ჩემთვის კარგადაა ნაცნობი ის გამოწვევები, რაც შუახევის წინაშე დგას. კარგად მესმის პრობლემები, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტს აწუხებს. გპირდებით ცენტრალურ და აჭარის მთავრობასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ რომ შუახევი გახდეს საუკეთესო ადგილი აჭარაში.“- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ წარდგენისას. დღესვე, ფრიდონ ფუტკარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად შუახევში პარტია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. შუახევის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: დაბა შუახევი – გიორგი დავითაძე, ბარათაული – მურად ქათამაძე,დღვანი-იმედა მუკუტაძე, ზამლეთი -ამირან ბერიძე,ოლადაური – გენადი მიქელაძე, უჩამბა – ჯემალ ივანაძე, შუბანი – ემზარ ჯუმუშაძე, წყალსაყარი – სულიკო ბოლქვაძე, ჭვანა – ზურაბ ვაშაყმაძე. თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0