ზურაბ პატარაძე თაფლის ფესტივალს დაესწრო

13/08/2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად თაფლის ფესტივალს დაესწრო, რომელიც ბათუმის ბულვარის კოლონადებთან გაიმართა. აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი და აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 40-მდე მეფუტკრე მონაწილეობდა, რომლებსაც აკაციის, წაბლის, მინდვრის ყვავილების თაფლი და თაფლისაგან დამზადებული პროდუქცია ჰქონდათ წარმოდგენილი. ფესტივალზე მისულ სტუმარს ადგილობრივი ტრადიციული რეწვის ამსახველი პროცესის ნახვა შეეძლოთ და ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება და შეძენის საშუალება ჰქონდა. ბათუმის ბულვარში მოსეირნე ვიზიტორებისთვის შესაძლებელი იყო საკუთარი ხელით ძველებურ ხის დანადგარზე ტრადიციული წესით თამბაქოს ფოთლებისაგან თუთუნის დამზადების პროცესში ჩაერთულიყვნენ და მთაში შემორჩენილი წესით ხის დაზგაზე ტრადიციული ფარდაგების ქსოვის პროცესს დაესწრებოდნენ. საგანგებო გასართობი კუთხე იყო მოწყობილი ბავშვებისთვის, სადაც მეფუტკრეობისა და თაფლის თემაზე ნახატები შექმნეს. თაფლის ფესტივალზე ქედის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ელესამ“ ტრადიციული ქართული სიმღერები შეასრულა. თაფლის ფესტივალში მონაწილე მეფუტკრეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რაც ხელს უწყობს თაფლის წარმოების ზრდის პროცესს. ღონისძიება მიზნად ისახავს აჭარის როგორც მეფუტკრეობის ერთ-ერთი წამყვანი რეგიონის წარმოჩენასა და ადგილობრივი უნიკალური თაფლისა და თაფლის პროდუქციის პოპულარიზაციას. ცნობილია, რომ ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე გასატან პროდუქტებს შორის მოიაზრება. თაფლის ფესტივალი პირველად 2015 წელს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებული და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსის,, მიერ იმპლემენტირებული კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა. წელს ფესტივალი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის და აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0