თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე კონსტიტუციური კანონპროექტები განიხილეს

07/06/2017

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მერვე თავი – სახელმწიფო თავდაცვა და უსაფრთხოება წარადგინა. გამოსვლის დასაწყისში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული თავის მომზადებისას, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში, ფართო კონსესუსი შედგა, ხოლო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე, კომისიის დამსწრე პირთა მხრიდან სრული კონსესუსი დაფიქსირდა.
„მოქმედ კონსტიტუციაში არასწორად არის დარეგულირებული თავდაცვის საკითხები. აბსოლუტურად ბუნდოვნად არის გამიჯნული უფლებამოსილებები ძირითად კონსტიტუციურ ორგანოებს შორის და ეს ყველაფერი საჭიროებდა სათანადო მოწესრიგებას. ეს არის ის საკითხები, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ინტერესებთან და სწორედ ამ ჭრილში უნდა იყოს განხილული და დანახული თითოეული ის ნორმა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაშია წარმოდგენილი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციის პროექტის მერვე თავი მუხლობრივად წარმოადგინა და დეტალურად ისაუბრა „სამხედრო ძალების“; „საგანგებო და საომარი მდგომარეობის“; „სამხედრო ძალების გამოყენების“ და „ეროვნული თავდაცვის საბჭოს“ მუხლების შინაარსზე. ირაკლი კობახიძემ სამხედრო ძალების მოქმედების ახალ რეგულაციებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც „საქართველოს სამხედრო ძალები მოქმედებენ თავდაცვის მინისტრის ბრძანებით კანონით დადგენილი წესით, ხოლო საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს – პრემიერ მინისტრის ბრძანებით“ და აღნიშნა, რომ მისი მომზადება დაკავშირებულია იმ ნორმების და სისტემის სტრუქტურასთან, რომლის საფუძველზეც ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფა ხდება.
„მშვიდობიანობის დროს მოქმედებს სუბორდინაციის სისტემა, რომელიც აგებულია მთავრობაზე და მთავრობის მეთაურზე. ბუნებრივია საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში აბსოლუტურად გაუმართლებელია სუბორდინაციის ამ სისტემის მოშლა. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო პრემიერ-მინისტრისთვის ასეთი კომპეტენციის მინიჭება და ახლა უკვე კონსტიტუციით დაზუსტებული იქნება, რომ საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო ძალები პრემიერ-მინისტრის ბრძანებით მოქმედებენ. აქ არის გამოყენებული სხვადასხვა ევროპული ქვეყნის გამოცდილება და ამ კონსტიტუციური რეგულაციების შესაბამისად მომზადდა აღნიშნული ჩანაწერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციის პროექტის მერვე თავის წარდგენისას განსაკუთრებული ყურადღება 73-ე მუხლზე გაამახვილა, რომელიც ეროვნული თავდაცვის საბჭოს კომპეტენციების და უფლებამოსილების განსაზღვრებას შეეხება. მისი განცხადებით, დღეს მოქმედ კონსტიტუციაში მოცემულია ეროვნული უშიშროების საბჭოს რეგულაციები, სადაც კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებები აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია მოყვანილი.
„კერძოდ უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებად განისაზღვრება სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის საკითხების ორგანიზება, რაც მთავრობის პირდაპირი, ერთ-ერთი საკვანძო უფლებამოსილებაა. რეალურად, კონსტიტუციის თანახმად, უშიშროების საბჭო პრეზიდენტს რჩევას აძლევს ისეთ საკითხებზე, რომლებიც თავიდან ბოლომდე მთავრობის კომპეტენციაა. საპარლამენტო სისტემაში, არსებული სახით, ეროვნული უშიშროების საბჭოს ადგილი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ თავდაცვის სფერო რეალურად აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას და მთავრობის უფლებამოსილებას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, იქმნება ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელიც მოქმედებს საომარი მდგომარეობის დროს და საბჭოს მთავარ ფუნქციას კონსტიტუციური ორგანოების საქმიანობის საერთო კოორდინაციის უზრუნველყოფა წარმოადგენს. შესაბამისად, ეროვნული თავდაცვის საბჭოში კომპეტენციები მკაფიოდ მოწესრიგებული და გამიჯნულია. კერძოდ, საერთო კოორდინაცია და ვეტოს უფლების გამოყენება მთელი რიგი პოლიტიკურად სენსიტიური გადაწყვეტილებების მიმართ არის პრეზიდენტის უფლებამოსილება. პრეზიდენტი არ არის მხოლოდ ცერემონიული და ფორმალური მთავარსარდალი და მას თავდაცვის სფეროში მინიჭებული აქვს კონკრეტული და ხელშესახები უფლებამოსილებები, თუმცა რაც შეეხება მენეჯმენტს, მართვას ეს არის ლოგიკურად მთავრობის და მისი მეთაურის უფლებამოსილება, რასაც საპარლამენტო სისტემაში, თავისთავად ალტერნატივა ვერ ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა კომიტეტის სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას ახალი ინიციატივით მიმართა, რომელიც კონსტიტუციურ პროექტში ახალი ტერმინის შემოტანას ითვალისწინებდა. „მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ტერმინზე, როგორიც არის „შეიარაღებული ძალები“ და „სამხედრო ძალები“. ჩემთვის, თავისი ფორმულირებით, ძალა წარმოადგენს სახმელეთო-საჰაერო-საზღვაო ძალებს, ამიტომ ვთვლი, რომ შეიარაღებული ძალები არ არის კონსტიტუციური ფორმულირებისთვის მისაღები ფორმა და გთავაზობთ, რომ სამხედრო ძალების ნაცვლად, რომელიც წარმოადგენს თავდაცვის უწყებაში შემავალ შეიარაღებული ძალების აღმნიშვნელ ფორმას, გამოვიყენოთ თავდაცვის ძალები. ანუ ფორმულირება იყოს, რომ თავდაცვის სამინისტროში შემავალ ძალებს ერქვას არა სამხედრო, არამედ თავდაცვის ძალები, შესაბამისად, დღევანდელი გენერალური შტაბის უფროსი იქნება თავდაცვის ძალების მეთაური“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საკითხის განხილვა, კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. კომიტეტის წევრების ოპოზიციურმა ნაწილმა უშიშროების საბჭოს ეროვნული თავდაცვის საბჭოდ ჩანაცვლებაზე დამატებითი არგუმენტები მოითხოვეს. კითხვები ასევე დაისვა თავდაცვის სფეროს კონტროლის საკითხში პრეზიდენტის ჩართულობის ხარისხზე, წარმოდგენილი ცვლილებების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობაზე, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავების პრინციპებზე და თავდაცვის მინისტრის ეროვნული თავდაცვის საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის შესაძლებლობებზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ კომიტეტის სხდომაზე გამოთქმულ შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა. ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტის, როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალის უფლება-მოვალეობები და არსებულ საპარლამენტო მოდელში უშიშროების საბჭოს ფუნქციების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ განმარტა. მისი განცხადებით, არსებული მმართველობის სისტემის გათვალისწინებით, უსაფრთხოების დოკუმენტზე უშიშროების საბჭოს მიერ მუშაობის დაწყება, მოქმედ კონსტიტუციურ ნორმებთან წინააღმდეგობას წარმოადგენდა. „პრეზიდენტს არა აქვს კომპეტენციები უსაფრთხოების სფეროში, ხოლო ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენცია შემოიფარგლება მხოლოდ ორი რამით, ეს არის სამხედრო აღმშენებლობა და თავდაცვის ორგანიზაცია. უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავება და წარდგენის უფლება დღესაც არ აქვს უშიშროების საბჭოს, შესაბამისად დაირღვა კონსტიტუცია, როდესაც ამ დოკუმენტზე დაიწყო მუშაობა.
საქართველოში ჩვენ გვაქვს საპარლამენტო მმართველობა ჩამოყალიბებული, სადაც პოლიტიკას განსაზღვრავს პარლამენტი და შემდგომ მას ახორციელებს მთავრობა. შესაბამისად, უსაფრთხოების კონცეფციის მომზადება და მიღება პარლამენტის კომპეტენციაა და შემდგომ მის შესრულებაზე პასუხისმგებელია მთავრობა. რაც შეეხება მთავარსარდალს – ჩვენ უნდა აღვიქვათ პოლიტიკური ტერმინები იმ ჭრილში, რა პოლიტიკური წყობაც არის ჩამოყალიბებული. მთავარსარდალი არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი მართავს თავდაცვის სფეროს და საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობა არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი არის პასუხისმგებელი საგარეო ურთიერთობების განხორციელებაში. საქართველოში ეს ყოველივე მთავრობის პრეროგატივაა, ანუ ქვეყანაში პოლიტიკას აღასრულებს მთავრობა, თავდაცვის სფერო არის მთლიანად მთავრობის პრეროგატივა და საგარეო პოლიტიკასაც ახორციელებს მთავრობა. ეს არის საპარლამენტო მმართველობა. მაღალი სიმბოლური სტატუსი პრეზიდენტის არ ნიშნავს მის კომპეტენციებს ანუ სტატუსსა და კომპეტენციებს შორის არის მხოლოდ არაპირდაპირი კავშირი. შესაბამისად, მაღალი სტატუსი – სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი და საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენელი უნდა დარჩეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომპეტენციები უნდა იყოს არასწორად დარეგულირებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა გამოთქვა. „ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სისტემა მოითხოვს გაუმჯობესებას, არის ბევრი ხარვეზი და ამ ხარვეზების გამოსწორებას სჭირდება პირველ რიგში, პოლიტიკური ნება, შემდეგ ინსტიტუციური თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესება, რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილების გატარება და არა დრამატული კონსტიტუციური ცვლილებები და არქიტექტურის მორღვევა, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ვხედავთ. რა ამოცანებსაც უნდა წყვეტდეს დღეს ეროვნული უსაფრთხოების სიტემა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით არა თუ შესაძლებლობები გაიზრდება, არამედ პირიქით, შესაძლებლობები შემცირდება და ეს პირველ რიგში ეხება უსაფრთხოების რისკების მართვას. დღეს საქართველოს მსგავს ქვეყანას ერთადერთი შანსი თავიდან აიცილოს კატასტროფები არის ის, რომ იყოს მუდმივ პრევენციულ რეჟიმში და მუდმივად, 24 საათის განმავლობაში საფრთხეების იდენტიფიცირებას და მათზე მყისიერ რეაგირებას ახდენდეს. ამას ჭირდება ადეკვატური ინსტრუმენტები და ასეთი ინსტრუმენტები, წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრაქტიკულად გამქრალია და აქ უშიშროების საბჭოს ვგულისხმობ“- აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა და ყველა იმ მოსაზრებაზე, რაც დავით რაქვიაშვილმა წარმოადგინა, ირაკლი კობახიძემ კონტრ არგუმენტებით უპასუხა.
„თავდაცვის სისტემაში რომელი ცვლილებაა დრამატული, გარდა იმისა, რომ დღევანდელი, აბსულუტურად ბუნდოვანი სისტემა მკაფიო სისტემით ჩანაცვლდება. სად არის აქ მორღვეული უშიშროების სისტემა? ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება დრამატული არ არის! დღეს უშიშროების საბჭო ვერ უზრუნველყოფს ვერც ჰიბრიდული გამოწვევებისა და ვერც ანექსიის პრევენციას. მე თვითონ ვარ უშიშროების საბჭოს წევრი და ვიცი რას აკეთებს საბჭო და რა საკითხები განიხილება უშიშროების საბჭოს სხდომაზე. საუბარი იყო იმის შესახებ, რომ 24-საათიან რეჟიმში უნდა იყოს მართული სიტუაცია, როცა საქმე ჰიბრიდულ საფრთხეებს ეხება. უშიშროების საბჭო 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს ამ საფრთხეების მართვას? უშიშროების საბჭოს წევრი ვარ და კოორდინაცია ჩემსა და საბჭოს სხვა წევრებს შორის და აპარატსა და საბჭოს სამდივნოს შორის 6 თვეში ერთხელ ხორციელდება, გამომდინარე იმ დატვირთვიდან და ფუნქციიდან, რაც კონსტიტუციით უშიშროების საბჭოს გააჩნია“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარე უშიშროების საბჭოს მდივნის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის და უშიშროების საბჭოს მდივნის განსხვავებულ ხედვებს შეეხებოდა.
„უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ მე და მას სხვადასხვა ხედვა გვაქვს. მე გახლავართ პარლამენტის თავმჯდომარე, თქვენ ბრძანდებით უშიშროების საბჭოს მდივანი, არსებობს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, რომლითაც განსაზღვრულია, რომ მე ვარ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, ხოლო თქვენ არ ხართ პოლიტიკოსი. როცა არაპოლიტიკოსი საჯარო მოსამსახურე ასეთ რამეს ამბობს პოლიტიკოსთან მიმართებაში, ეს მიუთითებს, რომ ჩვენ გვაქვს სისტემური პრობლემები იმ მხარეს, რასაც ჰქვია პრეზიდენტის ადმინისტრაცია და უშიშროების საბჭო. უშიშროების საბჭოს არ აქვს საქმე, გამომდინარე იმ პრობლემებიდან, რომელიც არსებობს. თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ უნდა ესაუბროთ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს”, – მიმართა ირაკლი კობახიძემ დავით რაქვიაშვილს.
კითხვა-პასუხის და პოზიციების დაფიქსირების შემდეგ კომიტეტში, ქვეყნის უზენაესი კანონის პროექტს კენჭი უყარეს. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს პროქტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გატანას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0