თამარ ჩუგოშვილი კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

14/08/2017

თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე საქართველოში ვიზიტით მყოფ კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები როგორც საპარლამენტო კუთხით, ისე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საკითხებს.
თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარება.
თამარ ჩუგოშვილი: „ამ მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარება და გაძლიერება არა მარტო საერთაშორისო, არამედ ორმხრივ ფორმატებში. კორეის რესპუბლიკისა და აზიის ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებთან სხვადასხვა ფორმატებში თანამშრომლობის დროს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხადაჭერის საკითხი და ამას ხაზს ვუსვამთ ყველა ოფიციალური შეხვედრის დროს“.
მისი თქმით, კორეის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას განსაკუთრებით ის ფაქტორიც განსაზღვრავს, რომ ორივე ქვეყნას მსგავსი პრობლემები აქვს საგარეო საფრთხეების არსებობის კუთხით. „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მნიშვნელობას ის ფაქტორიც განსაზღვრავს, რომ ჩვენს მსგავსად, კორეის რესპუბლიკასაც აქვს მეზობელი ქვეყნიდან მუდმივად მომდინარე საფრთხეები და ჩვენს ქვეყნებს სჭირდებათ ერთმანეთის დახმარება საერთაშორისო ფორმატებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კორეის რესპუბლიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0