თინათინ ხიდაშელის დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრები ვროცლავში

03/06/2016

ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია შესული. საქართველოს თავდაცვის მინისტრი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს. პოლონეთში მიმდინარე ვროცლავის გლობალური ფორუმის ფარგლებში, დღეს თინათინ ხიდაშელი ამერიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან, ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებთან და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ალექსანდრე ვერშბოუსთან გამართავს შეხვედრებს.
საქართველოს მოლოდინები ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტზე, ასევე აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები და თავდაცვისუნარიანობის სფეროში მეტი დახმარება ის მთავარი თემები იქნება, რაზეც საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებზე გააკეთებს აქცენტს.
„ყველა შეხვედრაზე ჩვენი საუბრის დღის წესრიგი ამერიკა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში უფრო მეტი წარმატების, უფრო მეტი პროექტების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან თავდაცვისუნარიანობის სფეროში მეტი დახმარების ძიებაა. გვინდა, რომ კონგრესმენებთან და სენატორებთან შეხვედრები მაქსიმალურად გამოვიყენოთ პოლიტიკური მხარდაჭერის მისაღებად და გასამტკიცებლად. ასევე, ბუნებრივია, ვერ გავექცევით ვარშავის სამიტზე საუბარს,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0