თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენი ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში და საქართველოს წინსვლაში

16/10/2017

„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენი ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში და საქართველოს წინსვლაში. დღესაც აგრძელებთ თქვენს საქმიანობას და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ერთად კიდევ ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი დედაქალაქისა და ჩვენი ქვეყნისთვის“ – აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ქართული სპორტის დამსახურებულ წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, სახელოვანი სპორტსმენების ჩართულობა და თანადგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციაში.
„მე მაქვს თითოეული თქვენგანის თანადგომის და მხარდაჭერის იმედი. მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ თქვენც უნდა გქონდეთ ჩემი იმედი, რადგან ეს ქალაქი ყველას გვიყვარს, ყველას გვაქვს ამბიცია, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო ლამაზი და კეთილმოწყობილი. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში და დედაქალაქის განვითარებაში თითოეული ჩვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველამ უნდა დავდოთ თითო აგური ამ საქმეში“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0