ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, კონცერტზე უმასპინძლა

21/03/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, კონცერტზე უმასპინძლა. საპარლამენტო დელეგაციებისთვის ანსამბლმა „რუსთავმა“ ხალხური ცეკვები წარმოადგინა. სტუმრებისთვის შესრულდა ქართული ხალხური სიმღერებიც. ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები საქართველოს 20 მარტს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციებმა შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, საგარეო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებთან და ფრაქციების წარმომადგენლებთან გამართეს. რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან და დეპუტატებთან ერთად შიდა ქართლში იმყოფებოდნენ, სადაც ადმინისტრაციული ზოლი მოინახულეს და გორში, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ოფისში, შეხვედრა გამართეს. დანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ნორვეგიის, ფინეთის, ისლანდიისა და შვედეთისსაპარლამენტო დელეგაციები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან. ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები საქართველოს 22 მარტს დატოვებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0