ირაკლი კობახიძე სლოვენიის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

28/11/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სლოვენიის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ერიავეცს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივ მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. კარლ ერიავეცმა ხაზგასმით განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. ვიცე-პრემიერის თქმით, სლოვენია ემხრობა ნატოს „ღია კარის პოლიტიკას“, რასაც ადასტურებს მჭიდრო თანამშრომლობა მონტენეგროსთან, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი მიმდინარე წელს გახდა.
შეხვედრაზე ყურადღება ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა და აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვა უნდა გაიზარდოს. მხარეებმა ისაუბრეს ბიზნეს-კონტაქტების გააქტიურებასა და ინტენსიური გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზეც. მათი თქმით, საქართველოსა და სლოვენიაში სოლიდური ეკონომიკური ზრდა აღინიშნება, რაც მხარეებს თანამშრომლობისთვის მეტ შესაძლებლობას მისცემს.
საუბარი ასევე, შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და მათ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო და მართლმსაჯულების რეფორმებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობა. მხარეების შეფასებით დინამიურ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას აღსანიშნავი როლი ეკისრება ხალხთაშორისი, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. მხარეები ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0