ირაკლი კობახიძე შვედეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

08/02/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფი შვედეთის პარლამენტის (რიკსტაგი) საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაცია მიიღო. შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე. მხარეების განცხადებით საქართველოს და შვედეთს სხვადასხვა მიმართულებებით აქტიური და ეფექტური თანამშრომლობა აქვთ, ასევე აქტიური და მჭიდროა საპარლამენტთაშორისო კავშირებიც. ირაკლი კობახიძის თქმით, 2013 წელს საქართველოს პარლამენტსა და შვედეთის რიკსტაგს შორის, თანამშრომლობის პროექტი განხორციელდა, რომელიც მიზნად მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებას ისახავდა. მხარეებმა ანალოგიური პროექტის მომავალში განხორციელების შესაძლებლობა განიხილეს. ირაკლი კობახიძემ შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მიერ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში შეტანილი წვლილიც. მხარეებმა საქართველოს პარლამენტის მიერ, საშემოდგომო სესიის ბოლოს მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრეს, სადაც, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საგარეო პრიორიტეტებში ერთსულოვანია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საგარეო პრიორიტეტებთან ერთად, ქვეყნის ხელისუფლებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ხარისხის გაძლიერება. შეხვედრაზე ისაუბრეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შესახებაც. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კომისია გადაწყვეტილებებს ინკლუზიური პროცესის საფუძველზე, კონსესუსის შედეგად მიიღებს. პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციას დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია გააცნო. მხარეებმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დადებით დასკვნაზეც ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ქვეყანას საბოლოო მიზანთან-ევროკავშირის წევრობასთან აახლოებს. “ სრული მხარდაჭერა გვაქვს შვედეთის პარლამენტის მხრიდან. ვისაუბრეთ მათი მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის შესახებ. ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. პროგრესი ძალიან პოზიტიურად შეაფასეს. საუბარი გვექნება ასევე, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების შესახებ, რაც ჩვენი ერთერთი მთავარი ამოცანაა , ასევე,ვისაუბრებთ საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერების შესახებ“,- განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ. „ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით იმისთვის, რომ უკეთ ვნახოთ აქ მიმდინარე მოვლენები. შვედეთში ვხედავთ, რომ საქართველო კარგი მაგალითია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში პოზიტიურ განვითარებას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ საგარეო პოლიტიკაზე, საკონსტიტუციო რეფორმებზე, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე“,- განაცხადა შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კარინ ენსტრომმა. შეხვედრას, ირაკლი კობახიძესთან ერთად,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინა ფრუიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0