ისრაელის მოქალაქემ საქართველოს შსს-ს გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა

25/07/2017

ისრაელის მოქალაქემ საქართველოს შსს-ს გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა:
Embassy of Georgia in the State of Israel
14 ივლისი, 15:35-ზე ·
ისრაელის მოქალაქის მადლობის წერილი
ა.წ. 8 ივლისს შატილის ხეობაში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ტურისტებს გზის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა და ისინი დახმარებას საჭიროებდნენ. მაშველთა სამსახურმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, სასაზღვრო პოლიციის საჰაერო ეკიპაჟთან ერთად, დაკარგული 9 ტურისტი გადაარჩინეს, მათ შორის – 5 ისრაელის მოქალაქე. ისრაელელი ახალგაზრდების ჯგუფში იყო ბ-ნი იაოვ რეხავი, ვისგანაც საქართველოს ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში, ბ-ნმა პაატა კალანდაძემ მადლობის წერილი მიიღო:
,,ბ-ნო ელჩო კალანდაძე,
მე ვიყავი იმ ისრაელელ ახალგაზრდა ტურისტთა ჯგუფში, რომლის ხუთი წევრიც, 8 ივლისს, მდ. გუროსწყალზე ჩატარებულმა სამაშველო ოპერაციამ გადაარჩინა. ამ დროს მე ვიმყოფებოდი შატილში და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად თვალყურს ვადევნებდი, თუ როგორი ძალისხმევით და თავგანწირვით ცდილობდნენ საქართველოს საზღვრის დაცვის პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, საჰაერო ეკიპაჟთან ერთად, განსაცდელში მყოფი ებრაელი ტურისტების დახმარებას. მსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადო სამაშველო ჯგუფის ყველა წევრს და საქართველოს მთავრობას იმ ძალისხმევისა და თავდადებისთვის, რომელსაც ისინი იჩენენ საგანგებო სიტუაციების მართვისას და უზრუნველყოფენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტების უსაფრთხოებას. დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ უდიდესი სიამოვნება მივიღეთ საქართველოში მოგზაურობით, თქვენი ქვეყნის ხედებით, ქართველების სტუმართმოყვარეობით და ხალხთან ურთიერთობით. დიდი მადლობა!
იოავ რეხავი
ტელ-მონდი, ისრაელი’’

Tweet about this on TwitterShare on Facebook0