იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

25/09/2017

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ“ და „აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენისთვის წარადგინა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეების ყურადღება რედაქციული და ტექნიკური ხასიათის იმ შესწორებებზე გაამახვილა, რომლებიც კონსტიტუციური კანონის პროექტებში მეორე მოსმენის შემდეგ შევიდა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, პარლამენტში მოხდება ახალი საკონსტიტუციო კანონის ინიცირება, რომლითაც შესწორებები შევა საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითადი ტექსტში. მისი თქმით, შესწორებები შეეხება ბონუსის სისტემას და საარჩევნო ბლოკებს.
„კონსულტაციები მქონდა ვენეციის კომისიასთან. ვენეციის კომისიას ჰქონდა გარკვეული მოსაზრებები, რომლებიც არ იყო სარედაქციო ხასიათის და ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ შესაბამისი შესწორებები შევიტანოთ უკვე წარმოდგენილ ცვლილებებში, ოღონდ ამას დაჭირდება ახალი კონსტიტუციური კანონის ინიცირება. საქმე შეეხება ძირითად ორ საკითხს, ეს არის: ბონუსის ამოღება საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითადი ტექსტიდან და ერთჯერადად საარჩევნო ბლოკების დატოვებას. ორივე არის არასარედაქციო შესწორება თავისი შინაარსით“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს მნიშვნელოვანია რეგლამენტის განუხრელი დაცვა და მიუღებელია წარსული პრაქტიკა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრინციპების დაცვა და რეგლამენტის განუხრელი დაცვა. ჩვენ არაერთხელ გვახსოვს წარსული პრაქტიკიდან, როდესაც, მათ შორის საკონსტიტუციო კანონში შედიოდა არასარედაქციო ცვლილებები მესამე მოსმენით განხილვის ფორმატში. რომ გადახედოთ 2010 წლის ცვლილებებს, ნახავთ რომ არაერთი არასარედაქციო ხასიათის ცვლილება შევიდა კონსტიტუციაში მესამე მოსმენით განხილვის დროს, რაც მიუღებელი პრაქტიკაა“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, ქვეყნის მთავარი კანონი იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით იქნება ნამდვილად სანიმუშო, განსხვავებით მოქმედი კონსტიტუციისგან.
„დღევანდელი კონსტიტუცია არის აბსოლუტურად გაუმართავი დოკუმენტი, მათ შორის იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა რაც ამ პროცესს ახლავს არის ის, რომ ეს დოკუმენტი იქნება ნამდვილად სანიმუშო იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ოპოზიციის შეკითხვებს უპასუხა, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების გადავადებას, პროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნებას, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კონსტიტუციური კანონპროექტების მხარდაჭერას და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ვადებს შეეეხებოდა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად მმართველი გუნდის არაერთგზის მცდელობისა, სწორედ ოპოზიციის არათანმიმდევრული მიდგომის გამო ვერ მოხერხდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლიდან.
„ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ პოზიცია ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც წარიმართებოდა პროცესი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ შეჯერებული იყო პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით 116 დეპუტატის პოზიცია. ჩვენ განვაცხადეთ კომისიაში, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ სისტემის შემოთავაზების თაობაზე, რაც უნდა გამხდარიყო ძალიან მყარი საფუძველი დისკუსიების გაგრძელებისათვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებულადაც დასრულდებოდა ეს პროცესი იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია წარმოადგენდა თანმიმდევრულ მიდგომას.
როდესაც კომისიიდან კონსტიტუციური ცვლილებების ტექსტი გავიდა, იქ ეწერა, რომ პროპორციული სისტემა უნდა ამოქმედებულიყო 2020 წლიდან და ამ პირობებში ოპოზიციამ დატოვა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ პროპორციული სისტემა იყო კონსენსუსის გასაღები. რეალურად, ასე არ იყო. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ იმ პირობებში, როდესაც დოკუმენტში ეწერა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლიდან, მაშინ დატოვა ოპოზიციამ კომისია და ეს იყო აბსოლუტურად გაუგებარი მოვლენა. უფრო მეტიც, მოგვიანებით ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი და მოვითხოვეთ ელემენტარული რამ – მოეწოდებინათ ის საკითხები, რომელთა ასახვის შემთხვევაში ოპოზიცია მხარს დაუჭერდა საკონსტიტუციო ცვლილებებს. ასეთი საკითხებიც კი არ წარმოგვიდგინა ჩვენ ოპოზიციამ. ამან, რა თქმა უნდა ჩიხში შეიყვანა პროცესი და შეუძლებელი გახადა კონსენსუსის მიღწევა. სწორედ ოპოზიციის არათანმიმდევრულმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ ვერ მოხერხდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლიდან“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის საკითხზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხშირად ამბობენ, თითქოს ცვლილებებს მხარს უჭერს მხოლოდ ერთადერთი პარტია – „ქართული ოცნება“. მისი თქმით, რეალურად ამ შემთხვევაში სხვა რამეზეა საუბარი.
„პრეზიდენტმა ჩვენ, 20 პარტიასთან ერთად შემოგვთავაზა ე. წ. თანხმობის დოკუმენტი. „თანხმობის“ დოკუმენტს უწოდებენ დოკუმენტს, რომელსაც მხარს არ უჭერს ხალხის მიერ არჩეული 150 დეპუტატიდან 117 დეპუტატი. ამ დოკუმენტს მხარს არ უჭერს 8-დან 5 საპარლამენტო პარტია და ეს არის „თანხმობის“ დოკუმენტი, რომელზეც შეთანხმდნენ ადამიანები“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ოპოზიციის ბრალდებაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ნაჩქარევად ხდება, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
„ნაჩქარევია თურმე დოკუმენტი, რომელზეც 8 თვის განმავლობაში ვმუშაობდით. დღე და ღამე გავასწორეთ იმისათვის, რომ დახვეწილი დოკუმენტი შეგვემუშავებინა და ამ დროს ჩვენ, დახვეწილი დოკუმენტი პრეზიდენტმა შემოგვთავაზა 20 პარტიასთან ერთად ზუსტად რამდენიმე დღიანი განხილვის შემდეგ. აქ საზოგადოება ხედავს სად არის სიმართლე. ჩვენი მხრიდან პროცესი წარიმართა ზუსტად ისეთი ფორმით, რაც ხელს უწყობდა დიალოგის გაგრძელებას, თუმცა საწუხაროდ ოპოზიციამ სხვა გზა არჩია“.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის პირობა, დოკუმენტზე მუშაობის დროს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაეთვალისწინებინა, არსობრივად შესრულებულია.
ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტისა და 20 პარტიის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები შეეხება: პრეზიდენტის არჩევის წესს, პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, უშიშროების საბჭოს გაუქმებას, თავდაცვის საკითხების სხვაგვარად მოწესრიგებას, მთავრობის საკითხების სხვაგვარად მოწესრიგებას, საარჩევნო ბარიერს და ბლოკების გაუქმებას. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ერთადერთი რაც ამ დოკუმენტს და ვენეციის კომისიის დასკვნასთან საერთო აქვს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თარიღია.
„ჩვენ კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიზედმიწევნით გავითვალისწინეთ და დოკუმენტი შეესაბამება ზუსტად იმ სულისკვეთებას, რომელიც იყო ასახული ვენეციის კომისიის პირვანდელ შენიშვნებში“,-განაცხადა პარლმენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ახალ დოკუმენტში არ არის არც ერთი მუხლი, რომლითაც მმართველი პარტია იუმჯობესებს თავის სუბიექტურ პოზიციებს.
ირაკლი კობახიძემ, ასევე აღნიშნა, რომ პროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნება თითქმის იგივე სირთულეებთან არის დაკავშირებული, რასთანაც არის დაკავშირებული ახალი პროექტის ინიცირება.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ახალი ინიციატივის მიღება შესაძლებელი იქნება მომავალი წლის მარტში, ხვალ კი პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით უნდა მიიღოს.
„ეს იქნება ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი მმართველობის სისტემის განვითარების კუთხით“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კონსტიტუციური კანონის პროექტი უზრუნველყოფს კონსტიტუციის შესაბამისობას ფუნდამენტურ სამართლებრივ პრინციპებთან და აფუძნებს დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისათვის, ადგენს სამართლებრივ გარანტიებს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისა და კონსტიტუციური ორგანოების საქმიანობის და დამოუკიდებლობის მაღალ სტანდარტებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას, რომელიც ხვალ, 26 სექტემბერს გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0