იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

13/12/2017

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. პარლამენტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა მეორე მოსმენით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარმოადგინა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ის დამატებითი ცვლილება გააცნო, რომელიც კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენისას გამოითქვა.
კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტიაც, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, თუ მისი ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნა მაჟორიტარი პარლამენტის წევრი და ეს პარტია საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით.
სხდომაზე ასევე მეორე მოსმენით, მუხლობრივად „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები განიხილეს, რომლებზეც შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა, დაჩქარებული წესით განსახილველად, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი წარმოადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტებში მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებები შედის და ისინი ტერმინთა ცვლილებებს შეეხება. კერძოდ კი, „ფულადი ჯილდოთი“ იცვლება ყველა ის ჩანაწერი, სადაც „ფულადი პრემიები“ იყო მოცემული. ხოლო რაც შეეხება პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების კომპონენტიდან ფულადი ჯილდო და სხვა სახის დანამატები, სრულიად ამოდის.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, სხდომის მონაწილეებს მოქალაქე მალხაზ გობოსაშვილის და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების „ზვიადის გზა უფლის სახელით“ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებები გააცნო. საკითხზე მსჯელობის შედეგად, ორივე საკანონმდებლო წინადადება, კომიტეტის მიერ უარყოფითად შეფასდა. კომიტეტის სხდომაზე განხილულ კანონპროექტებზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0