იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილა

04/03/2024

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილა. მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცვლილებების საჭიროება განაპირობა 9-პუნქტიანმა გეგმამ, სადაც ერთ-ერთ პუნქტად განსაზღვრულია ამ სამსახურების საქმიანობის შემდგომი გაძლიერება. ცვლილებების თანახმად, როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც მის საქმიანობას უკავშირდება და მას მნიშვნელოვნად მიაჩნია. კანონპროექტებით, ორივე სამსახურის ხელმძღვანელების არჩევის დროს, სახალხო დამცველს ენიჭება უფლებამოსილება საკონკურსო კომისიაში მის მიერ დასანიშნი წევრი კონკურსის გარეშე შეარჩიოს. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკონკურსო კომისია ორივე სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატებს შეარჩევს გაზრდილი კვორუმით, კერძოდ, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, ნაცვლად დამსწრეთა ხმათა უმრავლესობისა. ასევე, ორივე სამსახურისთვის იზრდება საკონკურსო კომისიის მიერ სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები 11 კვირიდან 14 კვირამდე. ცვლილებებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსების მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაწყებად საჭიროა, რომ პარლამენტმა თანხმობა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერით – 76 ხმით გასცეს, ნაცვლად 50 ხმისა. კანონპროექტით იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა. კერძოდ, განისაზღვრება, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეული მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს იმ შემთხვევაშიც გამოიძიებს, თუ ის პროკურორის მიერ არის ჩადენილი.

„აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები გვქონდა სამუშაო ფორმატში, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლის ჩართულობით, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ეს საკითხები და მსჯელობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი რიგი საკითხები, რომლებიც მითითებული იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში და რომლებიც მაქსიმალურად ხელს უწყობს ამ სამსახურების შემდგომ გაძლიერებას, გაგვეთვალისწინებინა“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0