იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

30/10/2017

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უძღვებოდა. კომისიის დებულების 1-ლი მუხლის შესაბამისად, სხდომას კომისიის წევრები (საქართველოს შინაგან საქმეთა, ფინანსთა, თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები და წარმომადგენლები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი) ესწრებოდნენ.
სხდომაზე აღინიშნა, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდში პოლიტიკურ პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შესაძლო ინციდენტების შესახებ კომისიისათვის არ მიუმართავთ და დღის წესრიგში მხოლოდ წინა სხდომაზე განხილული, თიანეთში ჩატარებული არჩევნების საკითხი იდგა. ბოლო სხდომის შემდეგ ამ თემაზე კომისიას დამატებითი ინფორმაცია ასევე ორგანიზაციამ „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველო“ მიაწოდა.
კომისია მიესალმა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ თიანეთის არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს. მან ასევე აღნიშნა არჩევნების დღისა და პოსტსაარჩევნო ვითარების სიმშვიდე. უწყებათაშორისმა კომისიამ მოისმინა ინფორმაცია ცესკო-ს, შს სამინისტროსა და მთავარი პროკურატურისგან.
უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანებით (https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/3719758) შეიქმნა და მისი მიზანი 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა იყო.
უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 48 რეკომენდაცია შეიმუშავა. უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით და მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველად 2016 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის წინააღმდეგ ჩატარდა სპეციალური საინფორმაციო კამპანია (17 სექტემბერი – 30 ოქტომბერი), რომელშიც მონაწილეობა მიიღო საარჩევნო სუბიექტის 11-მა ლიდერმა; შეიქმნა ვიდეორგოლი, სადაც პოლიტიკოსები მხარდამჭერებს არჩევნების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარებისაკენ მოუწოდებდნენ. ვიდეორგოლი 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში 967 620-მა მაყურებელმა, მინიმუმ, ერთხელ მაინც ნახა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0