კახეთში ბიოუსაფრთხოების პუნქტები ამოქმედდა

18/05/2017

კახეთის რეგიონში, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტები ამოქმედდა. ბიოუსაფრთხოების პუნქტები სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი შიოლაშვილთან, ადგილობრივი ხელისუფლების და მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგნლებთან ერთად დაათვალიერა. „თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ბიოუსაფრთხოების პუნქტები ხელს შეუწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, დაავადებების გავრცელების შემცირებას, რაც დადებითად აისახება მეცხოველეობის დარგის განვითარებასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე”, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა. წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვისთვის განკუთვნილი პუნქტები სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზეა განთავსებული, სადაც ფუნქციონირებს პირუტყვის სადეზინფექციო-გასაბანი აუზები, საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი და საკარანტინო ზონა. თითოეულ პუნქტში დღეში, საშუალოდ, 3000 სული პირუტყვის დამუშავებაა შესაძლებელი, რაც ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი სადეზინსექციო საშუალებებით ხორციელდება. ბიოუსაფრთხოების პუნქტები ცხოველთა მეპატრონეებს უსასყიდლოდ ემსახურება, ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარებას კი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ზედამხედველობენ. საქართველოში უკვე ფუნქციონირებს ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების 4 პუნქტი რუსთავში, მარნეულში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში. ანალოგიური პუნქტის გახსნა იგეგმება ყვარელშიც. ქვეყნის მასშტაბით სულ ბიოუსაფრთხოების 8 პუნქტი მოეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0