კონსტიტუცია შეცდომებისგან დაზღვევის დოკუმენტი უნდა იყოს

02/06/2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „თბილისის სტრატეგიული დისკუსის“ ფარგლებში გამართულ მრგვალ მაგიდას დაესწრო, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა.
ფორუმზე, რომელსაც ქართველი და უცხოელი ექსპერტები დაესწრნენ, პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, კონსტიტუციაში უნდა შეიქმნას თავდაცვის კონცეფცია, ძალიან მკვეთრად გაწერილი სამოქმედო მანდატებით.
პრეზიდენტის განცხადებით, უნდა არსებობდეს ამ გამოწვევებზე რეაგირების ორგანო და კითხვის ქვეშ არ უნდა დადგეს ამ ორგანოს ლეგიტიმურობა და პოლიტიკური უნარები და ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს სამოქალაქო კონტროლის ყველა მექანიზმი.
როგორც პრეზიდენტმა მრგვალ მაგიდაზე აღნიშნა, კონსტიტუციურ პროექტთან მიმართებაში როცა საუბარი მიდის მთავარსარდლისა და უშიშროების საბჭოს, შეიარაღებული ძალების, პარლამენტის ფუნქციებზე ამოსავალი უნდა იყოს არა ცალკეული ინსტიტუტების როლი, არამედ ის საფრთხეები, რაც დგას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის წინაშე.
“თავდაცვის სისტემა უნდა იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და შესაბამისად, უნდა იყოს დაწერილი საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე, არა მხოლოდ ზოგად პრინციპებზე დაყრდნობით.
სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციები განსხვავდება ქვეყნების სპეციფიკიდან, ტრადიციებიდან და იმ ნეგატიური გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც ერს ამა თუ იმ მიმართულებით ჰქონია.
ამ საკითხების გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავდაცვასთან მიმართებაში. არიან თეორეტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ კონსტიტუცია ეს არის გარკვეულწილად, იმ შეცდომებისგან დაზღვევის დოკუმენტი, რომელიც მანამდე წინაპრებს ჩაუდენია.
კონსტიტუცია კრიზისში მოქმედების დოკუმენტია-არამხოლოდ უზენაესი კანონი.
კონსტიტუცია უნდა დაიწეროს ჩვენი შეცდომებიდან გამომდინარეც. ჩვენ გვქონდა ქვეყნის შიგნით სამხედრო შეიარაღებული დაპირსიპირება, რომელშიც მონაწილეობდნენ ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალები, ეს უნდა გვახსოვდეს, ეს ის გამოცდილებაა, რაც უნდა იყოს დაცული კონსტიტუციაში. ჩვენი კონსტიტუცია უნდა დაიწეროს იმ ომებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ 90-იან წლებში ვაწარმოეთ და მაშინ ამას არ ერქვა ჰიბრიდული ომები.
ჰიბრიდული ომის გამოწვევებიდან გამომდინარე, იმ მთელი ნეგატიური წარსულის გათვალისწინებით უნდა დაიწეროს ჩვენი თავდაცვის დოკუმენტი, რომელიც ჩვენ გვქონია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, პარლამენტი, სამწუხაროდ, ფორსირებულად, პირველი და მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას გეგმავს და არ არის გათვალისწინებული კალენდარულად კი, ვენეციის კომისიის შეჯამებების გააზრების საკითხი.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ის კვალიფიციური კითხვები, რომელიც ისმება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, არა მხოლოდ იურიდიულ შეუსაბამობასა და ბუნდოვანებასთან დაკავშირებით, არამედ უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით, იქნება სწორედ, ადეკვატურად აღქმული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0