კოპენჰაგენის ცნობილი სომელიეები ქართულ ქვევრის ღვინოს უწევენ რეკომენდაციას

24/04/2017

დანიის ცნობილ და პოპულარულ გამოცემებში Politiken და Berlingske საქართველოს თაობაზე ვრცელი სტატიები დაიბეჭდა, რომლებშიც აღწერილია დანიელი ჟურნალისტის საქართველოში მოგზაურობისაგან მიღებულ შთაბეჭდილებები და ქართულ სამზარეულოსა და სუფრის ტრადიციები. გაზეთ Politiken-ის ჟურნალისტი დანიაში ქართული ქვევრის ღვინის პოპულარობის ზრდა შესახებ წერს.
დანიურ გამოცემა Berlingkske-ში გამოქვეყნებულ სტატიაში -„ქართული სამოთხის აღორძინება – სუფრასთან მოქცევის კარგი მანერები და სადღეგრძელოების კულტურა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი სამზარეულოსა და ღვინის ტრადიციის მქონე ქვეყანაში“ – ჟურნალისტი ვრცლად საუბრობს ქართული სუფრის ტრადიციასა და ქართული კერძების ნაირსახეობაზე, საქართველოში მოგზაურობისაგან მიღებული შთაბეჭდილებებზე, კახეთის ტრადიციულ მევენახეობასა და ვაზის კულტურაზე, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობაზე.
გამოცემა Politiken-ში დაბეჭდილ, დანიელი ჟურნალისტის სტატიაში – „კოპენჰაგენის ბიო-ღვინის გზამკვლევი: რატომ უნდა დავლიოთ „ფორთოხლისფერი“ ქართული ღვინო“ – აღნიშნულია, რომ უკანასკნელ ხანს კოპენჰაგენში დიდი პოპულარობით სარგებლობს ე. წ. ბიო-ღვინო და ამ კუთხით ღვინის მოყვარულები – ხშირად განიხილავენ ქართულ ფორთოხლისფერ ღვინოს, რომელიც თიხის ჭურჭელში მრავალთვიანი დაძველების შედეგად მზადდება.
სტატიაში ავტორი საუბრობს ქართულ ღვინოსა და მის ხარისხზე და აღნიშნავს, რომ ერთი შეხედვით ქვევრის ღვინო ბოჟოლეს წააგავს. ქართულ ნატურალური ფორთოხლისფერ ღვინოს, კოპენჰაგენის ბარებში პოპულარული და ამასთანავე განსხვავებული იმიჯის მქონე სომელიეები უწევენ რეკომენდაციას. ავტორი აღნიშნავს, რომ ფორთოხლისფერი ღვინის აღორძინებას იტალიას უკავშირებენ, თუმცა სინამდვილეში ღვინის დამზადების ეს ტექნოლოგია საქართველოში უკვე 5000 წელიწადზე მეტს ითვლის, სადაც ღვინის ფერმენტაციასა და დაძველებას თიხის ჭურჭლებში – ქვევრში ახდენენ.
Politiken-ის ჟურნალისტი დეტალურად აღწერს ღვინის დაყენების ქართულ ტექნოლოგიას და რეკომენდაციას უწევს კოპენჰაგენში მდებარე იმ ბარებსა და ღვინის კომპანიებს, რომლებიც მომხმარებელს ქართულ, ქარვისფერი ქვევრის ღვინოს სთავაზობენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0