კულტურის კომიტეტის ინიციატივით, ქუთაისში სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა

13/10/2023

კულტურის კომიტეტის ინიციატივით, ქუთაისში სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, პანელური დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში კომიტეტის წევრებთან ერთად იმერეთის რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტის კულტურის სფეროს ექსპერტები და პედაგოგ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ. კომიტეტის ინიციატივა სახელოვნებო განათლების რეფორმის მომზადებას შეეხება. კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ სახელოვნებო განათლებაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ყურადღება სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის განსაზღვრის საკითხზე გაამახვილა. ელისო ბოლქვაძის განცხადებით, სახელოვნებო განათლების რეფორმა კულტურის კომიტეტის ინიციატივით მზადდება და მისი იმპლემენტაცია, საქართველოს მასშტაბით, მომავალი წლიდან იგეგმება.

„უახლოეს ხანში დავიწყებთ სახელოვნებო განათლების რეფორმას, რომელსაც კომიტეტი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ამზადებს. ეს იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი. საზოგადოებას აქვს რეფორმის მიმართ დიდი ინტერესი. დღევანდელი შეხვედრა ძალიან ინტერაქციული იყო, ბევრმა მონაწილემ საინტერესო კითხვები დაგვისვა. ვფიქრობ, რეფორმა დიდ სიკეთეს მოუტანს როგორც ადამიანებს, ასევე სფეროს და დიდი მოტივაცია იქნება ახალგაზრდობისთვის“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სახელოვნებო განათლების რეფორმა მნიშვნელოვანია არა მარტო იმერეთისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის, რადგან მას დიდი ხანია ამ სფეროს წარმომადგენლები ელოდებიან.

„მისასალმებელია კულტურის კომიტეტის და სამინისტროს ნაბიჯი, რომ დაიწყეს ამ საკითხზე მუშაობა. სწორედ ასეთი შეხვედრების შედეგად მივიღებთ ისეთ რეფორმას და საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მორგებული იქნება იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ სფეროში საქმიანობენ“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

პარლამენტის წევრის, ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, სახელოვნებო განათლების რეფორმას დიდი მნიშვნელობა ექნება მომავალი თაობებისთვის.

„ვიმედოვნებ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი რეფორმა დიდ წვლილს შეიტანს მომავალი თაობების ამ კუთხით განვითარებაში“, – აღნიშნა ლევან მგალობლიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0