კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის გზამკვლევი შემუშავდა

20/06/2017

2017 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ „კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის გზამკვლევი“ შეიმუშავა.

დოკუმენტის პრეზენტაცია 20 ივნისს, კულტურის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უძღვებოდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ წარმომადგენლები, როგორც სხვადასხვა სამთავრობო უწყებიდან, ასევე, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც შშმ პირთა საკითხებზე მუშაობენ.

დოკუმენტის მიზანია, კონცეპტუალური ჩარჩოსა და მექანიზმების შექმნა შშმ პირთა თანაბარი ინტეგრაციისთვის საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში. ის წარმოგვიდგენს იმ გამოწვევებს, რომლებიც კულტურის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებობს და შესაბამის სამოქმედო გეგმას, იმ აქტივობათა ჩამონათვალით, რომელთა განხორციელებასაც სამინისტრო შესაბამის უწყებებთან (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ა.შ.) თანამშრომლობით გეგმავს.

გზამკვლევის შემუშავების პროცესში სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობა მიიღო ისეთმა სამთავრობო უწყებებმა, როგორებიცაა: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ა/რ კულტურის, განათლებისა და სპორტის სამინისტრო; ასევე, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ („კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“) და ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივმა პროგრამამ „ადამიანის უფლებები ყველასათვის“.

გზამკვლევზე თანდართული 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს სხვადასხვა ტიპის აქტივობას, რომელთა განხორციელების პროცესშიც მნიშვნელოვანია როგორც სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ების, ისე სხვადასხვა სამთავრობო უწყების მონაწილეობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0