ლისის ტბის მიმდებარედ ახალი საზოგადოებრივი პარკი მოეწყობა

21/04/2016

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილთან და კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ გენერალურ დირექტორ ნოდარ ადეიშვილთან ერთად, ლისის ტბის საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარედ ახალი საზოგადოებრივი პარკის მშენებლობა და სანერგე მეურნეობა „ლისი გრინსი“ დაათვალიერა.

1 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, სადაც თანამედროვე სტანდარტების პარკი უნდა მოეწყოს, თბილისის მერიამ კომპანია “ლისი დეველოპმენტს“ უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, კომპლექსური საზოგადოებრივი დასასვენებელი პარკის მოწყობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით გადასცა.

„ლისი დეველოპმენტი“ თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას და ლისის ტბის გარშემო ტერიტორიის რეკრეაციული ფუნქციით განვითარებას ახორციელებს. სანაცვლოდ კომპანია იღებს ვალდებულებას, დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთარი სახსრებით მოაწყოს და განავითაროს საზოგადოებრივი დასასვენებელი პარკი შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურით.

დავით ნარმანიას განცხადებით, საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარედ მრავალფუნქციური დასასვენებელი პარკის მოწყობა საინტერესო პროექტია, რომელსაც თბილისის მერია აქტიურად უჭერს მხარს.

„ბიზნესისა და მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით ერთი კარგი საქმე კეთდება.
ჩვენ კომპანია „ლისი დეველოპმენტს’’ დროებით სარგებლობაში გადავეცით მიწის ნაკვეთი, სადაც იტალიელი დიზაინერების მონაწილეობით, იტალიიდან ჩამოტანილი თუ ადგილობრივი ნერგების კომბინაციით საზოგადოებრივი პარკი მოეწყობა, რომელიც კომფორტული და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი იქნება როგორც ლისის კომპლექსის მცხოვრებთათვის, ასევე, მთელი ქალაქის მოსახლეობისთვის“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

„ლისი დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორის ნოდარ ადეიშვილის თქმით, თბილისის მერიასთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ ლისის ტბის საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარედ დაწყებული პარკის მოწყობის სამუშაოები ამჟამად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ჩვენმა კომპანიამ და ქალაქ თბილისის მერიამ მივაღწიეთ შეთანხმებას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 1 ჰა მიწის ფართობზე მოეწყოს დასასვენებელი პარკი პანორამული ხედებით, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დედაქალაქის სტუმრებსაც მოემსახურება. პარკში მოეწყობა სხვადასხვა – გასართობი, საბავშვო და მწვანე დასასვენებელი ზონები და, ასევე, შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა. ამისთვის კომპანიამ ლანდშაფტის უცხოელი დიზაინერები მოიწვია. პარკის გამწვანების სამუშაოები ცნობილი იტალიელი ლანდშაფტის არქიტექტორის ალბერტო ჯიუნტოლის პროექტით განხორციელდება. დასასვენებელი პარკი 300-ზე მეტი უნიკალური იტალიური ხე-მცენარითა და დეკორატიული ბუჩქით გამწვანდება“ – განაცხადა ნოდარ ადეიშვილმა.

პარკის კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0