მამუკა ბახტაძე EIB-ის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა

21/11/2017

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ საქართველოში მიმდინარე პროგრამები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და EIB-ის რეგიონულმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან სამპინიმ.
საუბარი შეეხო მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და მისი განხორციელების პროცესში ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობის საკითხს.
ბანკმა დამატებით 250 მლნ ევროს რესურსი გამოყო საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციისათვის, რაც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის მიერ 2017-2020 წლებისთვის. მნიშვნელოვანია, ასევე, ბანკის მხარდაჭერა ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და აგრომრეწველობის განვითარების მიმართულებით.
EIB-სა და ევროპის საინვესტიციო ფონდის (EIF) ერთობლივი ინიციატივა, რომელიც ევროკავშირთან ერთად ხორციელდება Horizon 2020-ის ფარგლებში, InnovFin–ის მიმართულებით. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, შესაძლებელია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა როგორც ინოვაციური იდეების და კვლევების დაფინანსების, ისე ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0