მაღალი ტემპერატურისა და გვალვის გამო დედოფლისწყაროში პრობლემები შეიქმნა

07/08/2017

მაღალი ტემპერატურისა და გვალვის გამო საგრძნობლად იკლო წყლის დებეტმა და დედოფლისწყაროში პრობლემები შეიქმნა წყალმომარაგების კუთხით. სწორედ ამიტომ, აღნიშნული სიტუაციის გამოსასწორებლად, დღეს, გამგებლის სათათბირო ოთახში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც დაისახა გზები სიტუაციის შესამსუბუქებლად და მოსახლეობისთვის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად. კერძოდ, კვირის ბოლომდე სოფელ ზემო მაჩხაანში ჩატარდება სამუშაოები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება რამოდენიმე რთული უბნის წყალმომარაგება. ასევე, კვირის ბოლომდე სოფელ გამარჯვებაში, გარკვეული ტიპის სამუშაოების შედეგად, მოხდება წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს სოფელ ოზაანის გამრიცხველიანება, რაც დადებითად აისახა ამ სოფლის წყალმომარაგებაზე.ორი კვირის ვადაში დასრულდება ოზაანის გამრიცხველიანება, რაც სოფლის პრობლემებს მოხსნის. პარალელურად, ამ სამუშაოების შედეგად გაიზრდება დებეტი ზემო მაჩხაანის წყალმომარაგებისთვის. ადგილობრივმა ხელისუფლებამ წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად უკვე დაიწყო სოფელ ხორნაბუჯის პრობლემური უბნების ავტოცისტერნებით მომარაგება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს რთული პერიოდი გადალახული იყოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0