მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო

10/10/2017

აჭარაში ისტორიული მნიშვნელობის პროექტი – მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების დაწყების ცერემონია შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაურში გაიმართა.
ბათუმი-ქედის მონაკვეთის (ხიჭაურის დასახლებამდე) გაზსადენი მილის მშენებლობის სამონტაჟო სამუშაოების დაწყების ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და პროექტის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ზრუნავს მთის განვითარებაზე და ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს, როგორიცაა: ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, კურორტ „გოდერძის“ განვითარება, გოდერძის სუბალპური ბაღის მშენებლობა და კურორტ „ბეშუმის“ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
„როგორც ხედავთ ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები და ამ გეგმების უმეტესი ნაწილი შესრულებულია. მიხარია და ვარ ამაყი, რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილი ყველა პროექტი ემსახურება ჩვენი ხალხის კეთილდღეობას, უკეთეს მომავალს, ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის განვითარებას,“ – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.
გაზსადენის დანიშნულება სამი მუნიციპალიტეტის: ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფაა. გაზსადენის ტრასა სოფელ სალიბაურიდან სოფელ ერგემდე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას მიუყვება. სოფელ ერგედან ხიჭაურის დასახლებამდე კი – ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზას.
გაზსადენის საერთო სიგრძე 65 162 მეტრია. ის 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. გაზსადენის სამშენებლო ღირებულება 25 850 000 ლარია. პროექტი 2019 წლის 1 მარტს უნდა დასრულდეს.
სამუშაოებს შპს „ენერჯი ინვესტი 2009“ ახორციელებს, რომელსაც აჭარის ტერიტორიაზე 508 000 გრძ/მ სიგრძის სამუშაო აქვს შესრულებული. კომპანიას ბათუმი-ქედის მონაკვეთის სამუშაოებზე 75 თანამშრომელი ყავს დასაქმებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0