მაღალმთიანი სოფლების ნუსხას ნუკრიანი, ბოდბე და ზემო მაღარო შეურთდა

11/10/2017

2016 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რომელიც იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის მრავალ შეღავათს ითვალისწინებს. მაღალმთიანი სოფლების ნუსხაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის 3 სოფელიც შევიდა. ესენია: სოფელი ნუკრიანი, ბოდბე და ზემო მაღარო. ეს სოფლები ზღვის დონიდან 950 მეტრზე მდებარეობს (ხოლო ბოდბე 870 მეტრზე). ასევე, მაღალია მიგრაციის მაჩვენებელი. მათი მდებარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ჭირს ხელმისაწვდომობა სხვადასვა სერვისებზე. სწორედ, ამ კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა მათთვის მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მინიჭება. აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა, როგორც აღვნიშნეთ, სხვადასხვა შეავათებით სარგებლობს.
იმისათვის, რომ აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებმა პირებმა შეღავათებით სარგებლობა შეძლონ აუცილებელია მიიღონ შესაბამისი სტატუსი. ამისათვის, 2017 წლის 11 ოქტომბრიდან იწყება რეგისტრაცია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქის სტატუსის მისანიჭებლად.
მოქალაქეებს შეუძლიათ აღნიშნული პროცედურები გაიარონ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ან სოფლე ნუკრიანში მდებარე იუსტიციის სახლში.
სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან დასახლებაში შემდეგი სოციალური შეღავათების დაწესებას:
ა) საპენსიო ასაკს მიღწეული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისათვის, რომელიც ყოველთვიურად იღებს სახელმწიფო პენსიას, სოციალური დახმარების სახით, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის ოდენობის გათვალისწინებით, ყოველთვიური დანამატის – სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 პროცენტის – მიცემას. აღნიშნული დანამატის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სოციალური პაკეტის მიმღებ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებს მიეცემათ ყოველთვიური დანამატი მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის 20 პროცენტის ოდენობით; ბ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის, რომლის შრომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით ყოველთვიური დანამატის მიცემას: ბ.ა) ექიმისათვის – სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით; ბ.ბ) ექთნისათვის – სახელმწიფო პენსიის ოდენობით; გ) ზამთრის პერიოდში (შესაბამისი წლის 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის ჩათვლით) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას; დ) აბონენტის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის) მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტის ანაზღაურებას, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა; ე) ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით 1 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების – არანაკლებ 100 ლარის – მიცემას, ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების – არანაკლებ 200 ლარის – მიცემას; ვ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დანამატის – საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 პროცენტის – მიცემას; მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დანამატის – შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35 პროცენტის – მიცემას. მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს და ამტკიცებს შესაბამის სახელმწიფო პროგრამას; ზ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის, მრავალსექტორიანი საჯარო სკოლის მოსწავლისათვის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისათვის ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით მიცემას. აღნიშნული ვაუჩერის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული შესაბამისი პროგრამის მონაწილე მასწავლებლისათვის, რომელიც პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაშია დასაქმებული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ან პროგრამის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დანამატის – შრომის ანაზღაურების არანაკლებ 50 პროცენტის – მიცემას. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატი არ მიეცემა პირს, რომელიც ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათით სარგებლობს. 3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შეიმუშაოს დამატებითი სოციალური პროგრამები. აღნიშნული პროგრამები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მიაწოდონ მათთან დაცული ინფორმაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების გასაცემად.
საგადასახადო შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში
1. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი სარგებლობს საშემოსავლო გადასახადთან და ქონების გადასახადთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით. 2. მეწარმე სუბიექტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან. 3. მეწარმე სუბიექტისთვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანო, აგრეთვე მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესი და პირობები განისაზღვრება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი არ მიენიჭება ან ეს სტატუსი შეიძლება შეუწყდეს, თუ იგი ახორციელებს: ა) ლიცენზირებისადმი/ნებართვის გაცემისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობას; ბ) მომსახურების (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა) გაწევას; გ) საქონლით ვაჭრობას, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება საქონლის გადამუშავება და მიწოდება. 5. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილებით განსაზღვროს ამავე მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ის სახეები, რომლებზედაც აგრეთვე გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0