მეიდანზე 2-დღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიხსნა

29/10/2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით 28-29 ოქტომბერს, 13:00-დან 22:00სთ-მდე, ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება. ღონისძიება უკვე მეორედ ტარდება, მისი მიზანი ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა. სამეწარმეო მარკეტის გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილები ნინო ჯავახაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი, ასევე ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მარიანა მორგოშია დაესწრნენ.
მეიდანზე გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა – სუვენირები, სამოსი, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, სასურსათო პროდუქცია და სხვა. ამასთან, ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია – მარკეტის ნებისმიერ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება, ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი, ასევე სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან.
ღონისძიება დატვირთული იქნება თანამედროვე თემატიკით, სადღესასწაულო ფორმატში, მუსიკალური გაფორმებით, სასიამოვნო დიზაინით, განათებით და ბავშვებისთვის დამატებითი შემოქმედებითი გასართობი სივრცეებით. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მეტი ინფორმაცია მიიღონ სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერა შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0