მთავრობის ეკონომიკური გუნდი დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ კანონპროექტის საჯარო განხილვის პროცესს აგრძელებს

07/11/2017

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები გააცნეს დღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.
კანონპროექტის შესაბამისად, საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. შემოთავაზებული კერძო საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით 2%+2%+2%. სისტემის სამი მონაწილე მხარე – მთავრობა, დამსაქმებელი და დასაქმებული ყოველთვიურად ახორციელებს 2%-იან შენატანს დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე, რაც საბოლოო ჯამში უტოლდება 6%. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო კი მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.
ბიზნეს ასოციაციის წევრებმა, რომლებიც საქართველოს უმსხვილეს დამსაქმებელ კომპანიებს წარმოადგენენ, დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია მთავრობის ხედვის შესახებ საპენსიო სქემის ჩამოყალიბასთან დაკავშირებით.
სხდომაზე ბიზნეს ასოციაციის წევრებმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს მოსაზრებები საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით. გადაწყდა, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მთავრობა აღნიშნულ საკითხზე შეჯერებულ კომენტარებს წარუდგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0