მთლიანობაში, ჩვენი ფისკალური პოლიტიკა დადებითად შეფასდა

25/04/2017

ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა დელეგაცია აშშ-დან, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციამ (OPIC), რომლის თანადგომითა და უშუალო მხარდაჭერით საქართველოში ძალიან ბევრი ინვესტიცია განხორციელდა, საქართველოს მიმართულებით გამოყოფილი დაფინანსების ლიმიტის გაორმაგების გადაწყვეტილება მიიღო.
მსოფლიო ბანკისგან სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს 100 მლნ აშშ დოლარის პირდაპირ გრანტს რეფორმების განხორციელების მხარდაჭერისათვის.
საქართველოში საკრედიტო პორტფელის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და ბანკი გეგმავს 2017 წელს დამატებით გამოყოს 250 მლნ ევროს რესურსი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
ევროპის საინვესტიციო ბანკი ძალიან გააქტიურდა კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებითაც. ინოვაციური და დამწყები ბიზნესის დაფინანსების სპეციალურ პროგრამაში – InnovFin ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს დამწყებ ბიზნესმენებს. 2016 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკმა გააორმაგა თავისი საკრედიტო პორტფელი საქართველოზე და თანხამ 1 მლრდ ევროს მიაღწია.
ასევე მნიშვნელოვანია ის დადებითი შეფასება, რომელიც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხრიდან ლარიზაციის სამთავრობო გეგმამ მიიღო.
მთლიანობაში, ჩვენი ფისკალური პოლიტიკა დადებითად შეფასდა მსოფლიოს სამი უმსხვილესი სარეიტინგო სააგენტოს – Fitch Ratings; Moody’s; S&P-ის მიერ. ყველა სააგენტოს მიერ არის აღნიშნული პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ბევრ სექტორში, მათ შორის – წარმოების განვითარების ხელშეწყობაში, ექსპორტში, ტურიზმში, ფულადი გზავნილების მიმართულებით არსებულ დადებით დინამიკაში და ა.შ. მთლიანობაში, ის ძალიან დიდი პოზიტივი, რომელიც ბოლო პერიოდში მოდის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სარეიტინგო სააგენტოების მხრიდან, მეტყველებს იმაზე, რომ ოთხპუნქტიანი გეგმის ყველა კომპონენტი არის სწორად სტრუქტურირებული, მათი შესრულება არის აბსოლუტურად რეალისტური და ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ამ გეგმას. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მიმართულების ნაწილში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის მეტ კეთილდღეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0