მინდა მადლობა გითხრათ იმ თავდადებისთვის, რომლითაც თქვენ აძლიერებთ ჩვენ ერთიან სამშობლოს

21/03/2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში ადგილობრივ, აზერბაიჯენელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულის ცენტრში ქვემო ქართლის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სადღესასწაულო ღონისძიებებში, ტრადიციული ტკბილეული დააგემოვნა და კოცონი დაანთო. საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულში მხარის გუბერნატორთან და საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორთან ერთად თანამედროვე სტანდარტების მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკა გახსნა და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილმა ბიბლიოთეკას საჩუქრად საქართველოს კონსტიტუცია და ოქტაი ქაზუმოვის მიერ თარგმნილი ქართველი კლასიკოსების პოეზიით გაფორმებული კალენდარი გადასცა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფორნდის დაფინანსებით გამოიცა.
გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და პრეზიდენტმა ადგილობრივ მოსახლეობას წარმატებული საქმიანობა უსაურვა.
“ძალიან მიხარია ყოველ წელს აქ, თქვენთან ერთად ყოფნა და ნოვრუზ ბაირამის- გაზაფხულის შემოსვლის, ახლის დაბადების, ახლის დაწყების თქვენთან ერთად ზეიმი.
გილოცავთ და გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას. ყოველ წელს მიხარია, როდესაც ჩამოვდივარ აქ და ვხედავ როგორ განახლებულია მარნეული და თქვენ თქვენი შრომით, თქვენი ღვაწლით კიდევ უფრო ლამაზს ხდით თქვენს ქალაქს.
მინდა მადლობა გითხრათ იმ მუშაობისთვის და იმ თავდადებისთვის, რომლითაც თქვენ აძლიერებთ ჩვენ ერთიან სამშობლოს.
მინდა მადლობა გითხრათ იმ ჩართულობისთვის, რომლითაც თქვენ აძლიერებთ ჩვენს საზოგადოებას.
აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ქართული, ერთიანი სახელმწიფოსი და ერთიანი სივრცის.
სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი ბაქოდან, სადაც ვხვდებოდი ჩვენს მოძმე სახელმწიფოს ხელმძღვანელებს და ერთად ვსაუბრობდით როგორ გავაძლიეროთ აზერბაიჯანი და საქართველო, რათა აზერბაიჯანმა და საქართველომ მისცეს კიდევ უფრო დიდი შანსები ჩვენს რეგიონს, უზრუნველყოს მშვიდობა და განვითარება ჩვენი რეგიონის.
გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ გამარჯვებას, წარმატებას და კიდევ მეტ აღმშენებლობას, კიდევ მეტ დამშვენებას თქვენი მშვენიერი მარნეულის, რაიონის და ქალაქის. გაიხარეთ და გილოცავთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0