მინისტრი სოზარ სუბარი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს შეხვდა

13/03/2017

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ევროპის, ცენტრალური აზიისა და ამერიკის ოფისის დირექტორის მოადგილეს ნენსი აირისს შეხვდა.
სოზარ სუბარმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია და გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმები გააცნო. დევნილი ოჯახებისთვის ახალაშენებულ კორპუსებში ბინების გადაცემის პარალელურად, მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „სოფლად სახლისა“ და „იპოთეკური სესხის დაფარვის“ პროექტებზე. სოზარ სუბარის თქმით, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სამინისტრო დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელ ფართთან ერთად მიწის ნაკვეთებსაც შეისყიდის, რაც დამატებითი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
შეხვედრის დასასრულს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მინისტრს ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.
სოზარ სუბართან შეხვედრამდე, მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს დირექტორის მოადგილემ სამინისტროში არსებული „დევნილთა მისაღები ცენტრი“ დაათვალიერა და ყველა იმ მომსახურებას გაეცნო, რომელსაც ცენტრის თანამშრომლები ბენეფიციარებს უწევენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0