მიხეილ ჯანელიძე მიხაილ ჰარმსს შეხვდა

27/04/2017

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა გერმანიის ეკონომიკის აღმოსვალეთ კომიტეტის დირექტორთან მიხაილ ჰარმსთან და ეკონომიკის სფეროზე მომუშავე ჟურნალისტების ჯგუფთან.
შეხვედრაზე გერმანული მხარე დაინტერესდა საქართველოში არსებული ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობებით. საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან როლს, რომელიც ქვეყანამ შეიძინა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში და წარმოადგენს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ეკონომიკურ და სატრანზიტო ჰაბს.
აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში საქართველო-გერმანიის წარმატებული თანამშრომლობა. გერმანია დღეს წარმოადგენს ევროკავშირის სივრცეში საქართველოსთვის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს, შეინიშნება გასულ წლებთან შედარებით ექსპორტის ზრდა, საქართველოში 380-მდე გერმანული კომპანია საქმიანობს. როგორც შეხვედრებზე აღინიშნა საქართველოს საინვესტიციო გარემო მიმზიდველია გერმანელი ინვესტორებისთვის, განსაკუთრებულ დაინტერესებას გამოხატავენ ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის, სამთო-სათხილამურო კურორტების მიმართ.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ტურიზმის შესაძლებლობებს, აღინიშნა რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გერმანიდან ვიზიტორების რაოდენობა, რაც 2015-2016 წლებში 80 ათასს მიაღწია.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა გერმანიისა და საქართველოს მთავრობები დაინტერესებულნი არიან განავითარონ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები და ამ მიმართულებით ხორციელდება მრავალი ღონისძიება და პროგრამა, მათ შორის ერთობლივი ბიზნეს ფორუმები და გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარე ქართველი მეწარმეების კვალიფიკაციის ამაღლების კურსები. საქართველოში ვიზიტს გეგმავს გერმანიის კვებისა და სოფლის მეურნეობის, ასევე ბავარიის ფედერალური მხარის ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციები და ბიზნეს წრეები.
გერმანიის ეკონომიკის აღმოსვალეთ კომიტეტის დირექტორმა გამოხატა დაინტერესება ეწვიოს საქართველოს და დაიგეგმოს ცალკეული ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს გერმანულ ბიზნეს წრეებში საქართველოს შესაძლებლობებზე ცნობადობის ამაღლებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0