მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ევროკომისარმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის თაობაზე მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა

05/05/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა, თბილისში ვიზიტის დროს მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ევროკომისარმა ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ქ. ბრიუსელში ჩატარების მნიშვნელობაზე. ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი და დასტური, იმის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა წარმოადგენს არამარტო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, არამედ დასავლეთ და ცენტრალური ევროპის დიდ ინტერესს. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროკომისართან დღეს გამართული შეხვედრების დროს კონცენტრირება მოხდა სწორედ მომავალი სამიტის საკითხებზე. „კომისრის მიზანია შეისწავლოს თუ რა ინტერესები და შესაძლებლობებია ევროკავშირის მხრიდან და რა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრების მხრიდან ამ სამიტთან მიმართებაში,“ აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მნიშვნელოვანად მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის პრიორიტეტები ზუსტ თანხვედრაშია განვითარების იმ მიზნებთან და პრიორიტეტებთან რაც საქართველოს მთავრობას გააჩნია: „ევროკავშირს აქვს ძალიან მკაფიო ხედვა არა მარტო საქართველოს არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე წევრ ქვეყანასთან მიმართებაში, თუ რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადაიდგას მათი ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების კუთხით და აღნიშნული მიზნები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს პრიორიტეტებთან, განცხადებულ რეფორმების გეგმასთან და იმ მიმდინარე რეფორმებთან, რომელიც ჩვენს მთავრობას გააჩნია.“

მინისტრმა ხაზი გაუსვა კომისარ ჰანის მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით: „ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იოჰანეს ჰანის მხრიდან იყო ის, რომ ევროკავშირი აფასებს საქართველოს ამბიციებს, როგორც განსაკუთრებულს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ის ჩვენს რეფორმებს შთამბეჭდავ პროგრესს უწოდებს და აცხადებს, რომ რასაც საქართველო ახორციელებს არის წარმატების მაგალითი და ევროპული პერსპექტივის მატარებელი.“ -განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით ევროკომისარის განცხადებები წარმოადგენს კიდევ ერთ დასტურს იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ამ გზით სვლა, რომელიც, ქვეყანას საბოლოო მიზნამდე მიიყვანს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0