ნადაბურში სოფლის არსებობის მანძილზე პირველად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შენდება

31/08/2017

„ყველა ნადაბურელის ოცნება ახდა, მე, პირადად ორი სკოლამდელი ასაკის ბავშვი მყავს და იმედის თვალით შევყურებ საბავშვო ბაღის მშენებლობას. ახალგაზრდები აღარ წავლენ სოფლიდან, რამდენიმე ოჯახი უკვე დაბრუნდა. ნამვდილად კარგია და მადლობლები ვართ“ – ამბობს ნადაბურელი მარიამ ქველაძე.
საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი ნადაბურში, დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ბაღების გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა, ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ გელაშვილმა და ნადაბურის თემის წარმომადგენელმა ზურა შუბითიძემ დაათვალიერეს.
ნადაბურში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა. ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 30 ბავშვზეა გათვლილი. სამუშაოები სოფელში სექტემბრის ბოლოს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. როგორც მამუკა ჭიპაშვილი, ჩვენთან საუბარში, აცხადებს ახალ საბავშვო ბაღში 7 ადამიანი დასაქმდება. ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, საბავშვო ბაღების მშენებლობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კვლავ გაგრძელდება, რადგან ეს სოფლიდან ხალხის გადინების ერთ-ერთი შემაჩერებელი ფაქტორია.
ნადაბურის საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდიდან 200 000 ლარით დაფინანსდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ცხრა ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0