ნათია თურნავა ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრებს შეხვდა

03/03/2021

ნათია თურნავა ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრებს შეხვდა. ეკონომიკის მინისტრმა მათ სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები გააცნო, მათ შორის – „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის, ინვესტიციებისა და მეწარმეობის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სხვადასხვა კომპონენტის ფარგლებში მონაწილე ქალი მეწარმეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და თითქმის მთლიანი მონაწილეების 50%-ს მიუახლოვდა. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ის გზები და ნაბიჯები, რომელიც ბიზნესს პოსტპანდემიური კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ბიზნესთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სამინისტროს პოლიტიკა ბიზნესის ყოველდღიურ საჭიროებებზე იყოს მორგებული, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია. ამავე მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება შეხვედრები სხვადასხვა ბიზნესასოციაციასა და გაერთიანებებთან.

„მორიგი ასეთი შეხვედრა შედგა ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“, რომელიც 70-მდე ბიზნესმენ ქალს აერთიანებს. ბიზნესასოციაციების მოსაზრების მოსმენა ყოველთვის საინტერესოა და დღესაც ძალიან საინტერესო და საგნობრივი დისკუსია გაიმართა კონკრეტულ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქართული ბიზნესი კორონავირუსის პანდემიის შედეგად აღმოჩნდა. ვიმსჯელეთ იმ ნაბიჯებზე, რომელიც მათ ამ გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეთა შეკითხვებს, ნათია თურნავასთან ერთად, მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი გურგენიძემ უპასუხეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0