ნატო-საქართველოს ურთიერთობა უპრეცედენტო დინამიურობითაა გამორჩეული

02/03/2017

„ნატო-საქართველოს ურთიერთობა უპრეცედენტო დინამიურობითაა გამორჩეული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატოს მტკიცე მხარდაჭერის პოლიტიკას საქართველოს მიმართ“- ლევან იზორია „ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ნათელი დადასტურებაა, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვიზიტი ასევე, გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები, განსაკუთრებით გამოვყოფდი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ პროექტებს, რომელიც ძალიან წარმატებით ხორციელდება“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე, რომელიც ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა. ლევან იზორიამ და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალ პეტრ პაველმა მედიის წარმომადგენლებთან განცხადებები თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. თავდაცვის მინისტრმა ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოს ხელმძღვანელსა და კომიტეტს საქართველოში სტუმრობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნატოს ექსეპრტები აქტიურად არიან ჩართული თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების პროცესში. ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენ გავაღრმავებთ თანამშრომლობას ნატოს სამხედრო კომიტეტთან, რათა თანამშრომლობის ის პრაქტიკული მექანიზმები, რომლებიც არსებობს კიდევ უფრო დაიხვეწოს, რათა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს მეტი უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო თავდაცვისუნარიანი და მდგრადი. რეფორმების განხორციელების მიზანი სწორედ ის არის, რომ გავხდეთ ნატოსთან თავსებადი“. მინისტრმა ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტი ისორიულ ფაქტად შეაფასა და განსაკუთრებით გამოყო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკა. „ექვსი თვის წინ ვმასპინძლობდით ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს – უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს. 2016 წლის ნოემბრის თვეში გვქონდა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნა. სულ ახლახანს, ორი კვრიის წინ, ძალიან წარმატებული ვიზიტი გვქონდა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. დღეს კი, ვმასპინძლობთ ნატოს უმაღლეს სამხედრო ორგანოს – სამხედრო კომიტეტს. მომავალში, აპრილის დასაწყისში გვექნება ნატოს კვირეული, მაისის თვეში, კი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიმართება. ასე რომ, ეს თანამშრომლობა, ეს ურთიერთობა უპრეცედენტო დინამიურობითაა გამორჩეული, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ნატოს მტკიცე მხარდაჭერის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. დიდი მადლობა ნატოს ამ მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე. „ნატო საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს ორი ქართული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენულ საზღვრებს,“ – განაცხადა გენერალმა პეტრ პაველმა ჟურნალისტებთან და საქართველო ალიანსისთვის ღირებულ და სანდო პარტნიორად შეაფასა: „ნატოსთვის ღირებულია პარტნიორობა ყველა სახელმწიფოსთან, რომლებიც დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას და თანამშრომლობას ამჯობინებენ კონფრონტაციას. საქართველო კი, სწორედ ასეთი ღირებული პარტნიორია ნატოსთვის. ჩვენს შორის პარტნიორობა საერთაშორისო მისიებში კიდევ უფრო განმტკიცდა. ალიანსმა და საქართველომ ორივემ გაიღეს მსხვერპლი ამ ოპერაციებში. საქართველომ ნატოს მხარდამხარ ბრძოლისას ოცდაათზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ოპერაციებში ერთობლივმა მოქმედებებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საქართველოს, როგორც პარტნიორის საიმედოობა“. ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და განსაკუთრებით გამოყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომლის 15 პროექტზეც, მათ შორის საჰაერო თავდაცვაზე, საზღვაო უსაფრთხოებაზე, სპეციალური ოპერაციები ძალებსა და სანაპირო დაცვაზე, ალიანსის 26 წევრი და პარტნიორი ქვეყნის 42 საერთაშორისო ექსპერტი მუშაობს. „აღნიშნული პაკეტის მთავარ კომპონენტს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მომზადებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას. ის ასევე, ეხმარება შეიარაღებულ ძალებს გახდეს უფრო ეფექტიანი და აახლოვებს საქართველოს ნატოს წევრობასთან, რაც სამომავლოდ თქვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია“, – აღნიშნა ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოს თავმჯდომარემ. გენერალმა პეტრ პაველმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე კდიევ ერთხელ აღუთქვა მხარდაჭერა: „ჩვენ ვაფასებთ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს, რომელიც ნამდვილად არ არის ადვილად განსახორციელებელი, თუ გავითვალისწინებთ რესურსებს, საფრთხეებს და მოსახლეობისთვის სწორი გზავნილების მიწოდებას. კიდევ ერთხელ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ გზაზე ერთად ვართ. ნატო მოწადინებულია გააგრძელოს ამ ძალისხმევაში საქართველოს მხარდაჭერა და გააგრძელოს თქვენი ქვეყნის მომზადება ალიანსში საბოლოო გაწევრიანებისთვის“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0