ნინო წილოსანმა და ნინო ლაცაბიძემ პროექტის „მწვანე შუქის“ განხორციელებაზე იმსჯელეს

12/02/2024

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს და მერიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს პროექტი „მწვანე შუქი“, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე პირების მშობლების ცნობიერებისა და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაზრდის მიზნით ინტერდისციპლინური სერვისის მიწოდებას ითვალისწინებს.

„დღეს, ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ უმნიშვნელოვანესი იდეის განხორციელებას, რომელიც საპილოტედ რუსთავში დაიწყება და ჩემი განსაკუთრებული მადლობა რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს, რომელიც განსაკუთრებული მგრძნობელობით მიუდგა ამ საკითხს. პროექტი შეეხება შშმ ბავშვთა მშობლების უფლებების გაძლიერებას, მათი ფსიქო-ემოციური ფონის გაუმჯობესებას და მათ, გარკვეულწილად, მენტორებად ჩამოყალიბებას იმისთვის, რომ შეძლონ სხვა დედებსაც მისცენ რჩევა და რეკომენდაციები თუ როგორი მიდგომები უნდა ჰქონდეთ შშმ ბავშვების მოვლისა და აღზრდის პროცესში. მიხარია, რომ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, არასამთავრობო ორგანიზაციასთან და რუსთავის მერიასთან ერთად გეგმავს ამ საპილოტე პროექტს, რომელიც, იმედი მაქვს, რომ საფუძველს ჩაუყრის ამ იდეის უფრო დიდი მასშტაბით განხორციელებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, პროექტის დაწყება 2025 წლიდან იგეგმება.

„რუსთავში, რამდენიმე წელია დავიწყეთ რეფორმები, რომლითაც ვაუმჯობესებთ მუნიციპალურ სერვისებს. დღეს ვიმსჯელეთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლების გაძლიერებაზე, თუ როგორ შეიძლება მუნიციპალიტეტმა კიდევ უფრო ეფექტიანი გახადოს ეს სერვისი 2025 წლისთვის. ჩვენ მოვემზადებით, რომ სწორედ ამ პერიოდისთვის გვქონდეს მზად პროექტი, რომელსაც 2025 წლის ბიუჯეტში ავსახავთ“, – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0