ნოდარ ხადური EDC-სა და BEHLEN Industries-ს წარმომადგენლებს შეხვდა

05/10/2016

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა კანადის ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოსა (EDC) და კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრის“( BEHLEN Industries) წარმომადგენლებს.

კანადის ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო სააგენტოა, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით და ქვეყანასთან გრძელვადიან თანამშრომლობას გეგმავს. სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, EDC-ი მზადაა საქართველოს გამოუყოს 120-150 მლნ დოლარის ოდენობის გრძელვადიანი ფინანსური რესურსი ქვეყანაში მსხვილი საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად.

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნესშესაძლებლობების, საინვესტიციო კლიმატის, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილის – სივრცითი მოწყობის რეფორმის შესახებ, ქვეყნის სატრანსპორტო-სატრანზიტო შესაძლებლობებისა და ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური საინვესტიციო პროექტების თაობაზე.

რაც შეეხება კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრის“, იგი უკვე ახორციელებს საინვესტიციო პროექტებს საქართველოში. პირველ ეტაპზე, კომპანია თელავში, ბათუმსა და გორში ააშენებს სპორტულ კომპლექსებს, რომელთა ღირებულება 33 850 000 აშშ დოლარს შეადგენს. მომავალში კანადური სამშენებლო კომპანია დაინტერესებულია ისეთი პროექტებით, როგორებიცაა: სარკინიგზო-საგზაო, გადამუშავებული პროდუქტების შესანახი სასაწყობე ინფრასტრუქტურის მოწყობა და სხვა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0