პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა

01/05/2017

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე 3-5 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს. დღის წესრიგით 90 -ზე მეტი კანონპროექტი, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები იყო წარმოდგენილი. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს. პარლამენტის პლენარული სხდომა მეორე და მესამე მოსმენით განსახილველ რიგ კანონპროექტებზე იმსჯელებს. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები დარეგისტრირდა. მათ შორის, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 15 დეკემბრის დადგენილება „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად ცხადდება. ბიურომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტების განხილვის პროცედურების დაწყების თაობაზე. ბიურომ იმსჯელა საორგანიზაციო საკითხებზე, რომელთა შორის არის საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტები „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“. პროცედურის თანახმად, კანონპროექტები ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცემა. ხოლო შემდგომ, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნა და კონსტიტუციური კანონპროექტის გამოქვეყნება შესაბამისი პროცედურების მიხედვით მოხდება. საორგანიზაციო საკითხთა შორის ასევე წარმოდგენილი იყო ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ანგარიშები. პლენარული სხდომა 3 მაისს 12 საათზე გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0